"კვარას ნაკვალევზე გადის" - la gazzetta dello sport გიორგი კვერნაძეს აქებს
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
la gazzetta dello sport-ი საქართველოს ნაკრების გარემარბზე, გიორგი კვერნაძეზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას ნაკვალევს მიჰყვება.
"გინდა არ გინდა, გიჩნდება კითხვა: რამდენად არის გიორგი კვერნაძის ამჟამინდელი ჯადოსნური ფორმა გამოწვეული თანამემამულესთან, პსჟ-ს ჩემპიონთან შედარებით? რეალურად, ისინი მეგობრები და ეროვნული ნაკრების თანაგუნდელები არიან. კვარაცხელია კვერნაძეს სოციალურ ქსელებში ადევნებს თვალს და ვენეციასთან გამარჯვების გოლის შემდეგ ის პოსტითაც კი მიულოცა. მარცხენა გარმარბი კვერნაძე, კვარას მსგავსად, ფროზინონეს ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა გუნდის სამმატჩიანი წაუგებელი სერიის დროს (ორი მოგება და ერთი ფრე) და ის კვირას შინ სესკ ფაბრეგასის ბრწყინვალე კომოსთან მატჩისთვის ემზადება.
გიორგი მწვრთნელ ალვინის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მოთამაშეა: მან თავი გასულ სეზონში გამოიჩინა, როდესაც 35 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და იმდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც მთავარია, ის ტაქტიკური დისციპლინისა და მონდომების მხრივ გაიზარდა. ალვინისთვის ის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია, რომელსაც ძალუძს გუნდს სიჩქარე, პრესინგი, აჩქარებები, ასისტები და მნიშვნელოვანი გოლები შესძინოს.
კვერნაძე ფროზინონეში 2023 წლის ივლისში, ბათუმის დინამოდან იჯარით, გამოსყიდვის უფლებით გადავიდა. ის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ შეამჩნია, რომელსაც სხვა კლუბების მხრიდან არსებული კონკურენციის გამო ტრანსფერის დასრულებისას საკმაოდ დიდი სირთულეების გადალახვა მოუხდა. იტალიურ ფეხბურთში მისი პირველი ნაბიჯები იოლი არ ყოფილა: დი ფრანჩესკოს გუნდში, რომელიც სერია B-ში სეზონის ბოლო ტურში დაქვეითდა, მან მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა. თუმცა, ფროზინონემ მასში პოტენციალი დაინახა და 300 000 ევროდ საბოლოოდ გამოისყიდა. ამის შემდეგ მისი პროგრესი ისეთი სისწრაფით წავიდა წინ, რომ ის სერია A-ს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა ტალანტად იქცა", - წერს la gazzetta dello sport.
გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია A-სა და თასზე ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.