Belive

"საკვანძო მოთამაშეა, ამიტომ მის კონტრაქტს გამოისყიდიან" - ფრანგი ჟურნალისტები დავითაშვილზე

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის შეხვედრაში, “ბორდოსა” და “ლავალის” დაპირისპირება შედგა. ბორდოში, “Matmut Atlantique”-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

“ბორდოს” გამარჯვებაში ლომის წილი ზურიკო დავითაშვილმა დაიდო, რომელმაც გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც შეასრულა. ქართველ ფეხბურთელს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 5 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და თანდათან “ბორდოს” შეუცვლელი მოთამაშე ხდება. 

დავითაშვილის ბრწყინვალე პერფორმანსს უყურადღებოდ არ ჩაუვლია. პირველი კომენტარი "ბორდოს" მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ დავითაშვილს პრინციპულ მატჩებში თავის გამოჩენა შეუძლია. ამ მოსაზრებას ფრანგი სპორტული ჟურნალისტები და კომენტატორებიც იზიარებენ, რომელთაც განაცხადეს, რომ დავითაშვილი "ბორდოს" საკვანძო მოთამაშეა და ამიტომ, კლუბი მის კონტრაქტს გამოისყიდის.

"ბორდომ" პირველი გოლი სწორედ მისი მეშვეობით გაიტანა. დავითაშვილის მოქმედებებმა იოან ბარბეტს საშუალება მისცა აღმოჩენილიყო იმ პოზიციაზე, საიდანაც აცილება წარმოუდგენელია. დავითაშვილი იყო საკვანძო მოთამაშე პირველ ნახევარ საათში. მან შექმნა შანსები, რომლებიც გოლებად იქცა და "ბორდოს" ამოსუნთქვის საშუალება მისცა. დავიდ გიონი უპირატესობას ანიჭებს, რომ დავითაშვილმა მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს, მაგრამ მან ასევე იცის, როგორ ითამაშოს და შექმნას ხიფათი მარცხენა ფლანგზე. მეორე ტაიმშიც განსაკუთრებით იაქტიურა - ის მართლაც მატჩის საკვანძო მოთამაშე გახლდათ", - კლემენტ გრეზე.

„როდესაც მარტივ და ეფექტურ ფეხბურთს თამაშობ, იღებ იმას, რაც "ბორდოს" მეორე გოლზე ვიხილეთ. დავითაშვილმა თითქოს მარტივი, მაგრამ იდეალური მოქმედებებით შეძლო გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება. ეს არის ფეხბურთი”, - რობერტ მალმი.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილი “ბორდოს” იჯარის სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა, ფრანგულ კლუბს მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა აქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრწყინვალე სათამაშო ფორმის შედეგად, დავითაშვილი “ჟირონდელთა” შეუცვლელი წევრი გახდა და კლუბი მისი კონტრაქტის გამოსყიდვას გეგმავს.

სხვა სტატიები