Belive

"მას შეუძლია პრინციპულ მატჩებში თავი გამოიჩინოს" - ბორდოს მწვრთნელი დავითაშვილზე

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის შეხვედრაში, "ბორდოსა" და "ლავალის" დაპირისპირება შედგა. ბორდოში, "Matmut Atlantique"-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

"ბორდოს" გამარჯვებაში ლომის წილი ზურიკო დავითაშვილმა დაიდო, რომელმაც გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ქართველ ფეხბურთელს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 5 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და თანდათან "ბორდოს" შეუცვლელი მოთამაშე ხდება. აღნიშნულის შესახებ "ჟირონდელთა" მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ისაუბრა, რომელმაც დავითაშვილის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ვფიქრობ, ზურიკოსთან სწორი მენეჯმენტი გვქონდა და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. უკანასკნელი 1-2 თვის განმავლობაში, მან ნათლად დაგვანახა მისი ბრწყინვალე შესაძლებლობები. ის, რაც მე ასევე მომწონს, არის ის, რომ ზურიკო უფრო თავდაჯერებული გახდა, რაც საშუალებას აძლევს განავითაროს მისი - როგორც "ფინიშერის" თვისებები. დავითაშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც 30 მატჩი აქვს ჩატარებული და ეს გამოცდილება თანაგუნდელებს უნდა გაუზიაროს. მნიშვნელოვან მატჩებში ის სიმშვიდეს ინარჩუნებს. არიან მოთამაშეები, რომლებსაც პრინციპულ მატჩებში თავის გამოჩენა შეუძლიათ", - დავიდ გიონი.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილი "ბორდოს" იჯარის სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა, ფრანგულ კლუბს მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა აქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრწყინვალე სათამაშო ფორმის შედეგად, დავითაშვილი "ჟირონდელთა" შეუცვლელი წევრი გახდა და კლუბი მისი კონტრაქტის გამოსყიდვას გეგმავს.

სხვა სტატიები