Belive

რასინგის მწვრთნელი: "ბარსელონას ჩვენი მიწასთან გასწორება სურდა"

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი გულიაშვილის რასინგი ლა ლიგის VI ტურის მატჩში "კამპ ნოუზე" ბარსელონას ესტუმრა და განადგურდა. ჰანსი ფლიკის გუნდი კვლავ შეუდარებლად გამოიყურება - 7:2 ბარსას სასარგებლოდ.

მატჩის შემდეგ, რასინგის მთავარმა მწვრთნელმა - ხოსე ალბერტომ მატჩი შეაფასა და ბარსელონაზე აღფრთოვანებით ისაუბრა. თავკაცმა თავისი გუნდის დაცვითი სისუსტეები გააკრიტიკა, ბარსელონას დონე შეაქო, თუმცა სეზონის გადამწყვეტი ეტაპისთვის ფლიკის გუნდს გარკვეული საფიქრალიც დაუტოვა.

“ცოტა უფრო მაღალ დონეზე კონკურენცია დაგვაკლდა. დაცვაში მეტოქეს საქმე თავად გავუადვილე - სამი პენალტი და ორი გოლი საჯარიმოს გარედან დარტყმით. არ შეიძლება შვიდი ბურთი გაუშვა, ამდენი კუთხური მიიღო… ზედმეტად რბილები ვიყავით. შეტევაში კი ძალიან ცოტა მომენტი გვქონდა.

ვიცოდით, რომ ეს გასვლა უმძიმესი იქნებოდა. ეს იყო დღე, როდესაც სტომატოლოგთან გიწევს მისვლა და ის ტკივილს გაყენებს. მსაჯის მიერ დამატებულ ოთხ წუთსაც კი აპროტესტებდნენ – ჩვენი ბოლომდე განადგურება, მიწასთან გასწორება უნდოდათ. ბარსელონამ ბურთის დაკარგვისთანავე უმაღლესი დონის პრესინგი შემოგვთავაზა და სწორედ ამ მომენტიდან უბრალოდ გაგვანადგურა.

მთავარი და აბსოლუტური პასუხისმგებელი მე ვარ. შემადგენლობაში რვა ცვლილება იმიტომ განვახორციელე, რომ მეგონა, გუნდი ბრძოლას შეძლებდა. ეს ვერ მოვახერხეთ. გადატვირთული გრაფიკის ფონზე მსურდა მათთვის მიმეცა შანსი, ვისაც ნაკლები წუთი ჰქონდა. უმთავრესი დამნაშავე მე ვარ – გეგმამ, რაც გვქონდა, აბსოლუტურად არ გაამართლა.

“ისეთი განცდა მქონდა, რომ როგორც კი ანგარიშში სხვაობის შემცირებას ვცდილობდით, მაშინვე გაზის პედალს აჭერდნენ და უპირატესობას ზრდიდნენ. ბარსელონა თავდაჯერების არაჩვეულებრივ პიკშია, თითოეულ შეცდომაზე სასტიკად გსჯის. მათი შეჩერება უკიდურესად რთულია.

ვნახოთ, გაუძლებენ თუ არა ამ გიჟურ ტემპს მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები დაიწყება და გადაბმულად, კვირაში სამი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ." - ხოსე ალბერტო

ბარსელონას ლა ლიგაში 6-დან 6 გამარჯვება და 18 ქულა აქვს. კატალონიელები შემდეგ მატჩს სევილიას წინააღმდეგ, 19 სექტემბერს სტუმრად გამართავენ.

სხვა სტატიები