რა თქვა ხვიჩამ | კვარაცხელიამ ტოტენჰემთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, პსჟ საკუთარ მოედანზე ევროპა ლიგის მოქმედ ჩემპიონს - ტოტენჰემს დაუპირისპირდება.
პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მედიასთან ლუის ენრიკესთან ერთად წარსდგა.
"ტოტენჰემთან მატჩი მაგარი უნდა გამოვიდეს, ორივე კარგი გუნდი ვართ, თანაც ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ვართ და ისინი ევროპა ლიგის.
პირადად მე სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ და ზოგადადაც კლუბისთვის ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები.
ადრე მუდმივად შეტევაზე ვფიქრობდი და დაცვითი ფუნქციები მეტ-ნაკლებად მქონდა, თუმცა ყველაფერი პსჟ-ში გადმოსვლის შემდეგ სრულად შეიცვალა. შემდეგ გავაანალიზე, რომ დაცვას ყველა ფეხბურთელი უნდა დაეხმაროს. ეს მწვრთნელის - ლუის ენრიკეს დამსახურებაა, რომელიც როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთ ძალიან მეხმარება.
ჟოაო ნევეში?! ის ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს გოლს, ჩვენ ამას ვაფასებთ და უბრალოდ გამარჯვება გვინდა.
რაც შეეხება ჰაკიმის, ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და გუნდში გამორჩეული ფეხბურთელია. მას საოცარი წინა სეზონი ჰქონდა და ახალი სეზონიც ბრწყინვალედ დაიწყო. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ მისი ჩანაცვლება თითქმის შეუძლებელია. აჩრაფი ზღაპრული მოთამაშე და სუპერ ადამიანია." - ხვიჩა კვარაცხელია
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. 24 წლის ქართველმა სუპერვარსკვლავმა ატალანტასა და ლევერკუზენის კარის აღება შეძლო, გერმანულ გუნდთან კი გოლს საგოლე გადაცემაც დაუმატა.
პსჟ-სა და ტოტენჰემის დაპირისპირება 26 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს სტარტს.