,,პირველი კვირები გადამწყვეტია'' - რას ამბობს სპეციალისტი კვარაცხელიას ტრავმაზე?
ბარსელონასთან მატჩში, ხავი ესპარტთან ორთაბრძოლისას მიღებული მუხლის დაზიანება, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ყველაზე ცუდი სცენარით დასრულდა: პარიზული კლუბის განცხადებით, ქართველ გარემარბს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა დაუდგინდა.
Le Parisien-მა ხვიჩას მძიმე ტრავმის შესახებ ვრცელი ანალიტიკური სტატია მოამზადა:
მოედანზე განვითარებული ეპიზოდი თავიდანვე უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებდა. სპორტის მეცნიერებათა დოქტორი, ჟან-ბერნარ ფაბრი, კადრების ანალიზისას აღნიშნავს, რომ მუხლზე მიღებული დატვირთვა კრიტიკულ ზღვარს გასცდა: ,,კადრები წარმოუდგენელია - სხეული თითქმის მშვილდივითაა მოჭიმული. ვხედავთ, რომ მუხლის შიგნით ულტრაძლიერი დაძაბულობაა, ფეხი და კუნთები კი საყრდენიდან 40 მილიწამის განვალობაში იჭიმება. ეს ეპიზოდი აერთიანებს თითქმის ყველა ცნობილ ფაქტორს, რაც ჯვარედინი იოგების გაწყვეტას იწვევს.''
რა არის წინა ჯვარედინი იოგი და რატომ არის ის ასე კრიტიკული?
წინა ჯვარედინი იოგი მუხლის ცენტრში მდებარეობს, ერთმანეთთან აერთებს ბარძაყის ძვალსა და წვივს და უზრუნველყოფს სახსრის სტაბილურობას, განსაკუთრებით ბრუნვითი მოძრაობების, აჩქარებებისა და მიმართულების მკვეთრი ცვლილების დროს. პროფესიონალ ფეხბურთელებში მისი სრული გაწყვეტა თითქმის ყოველთვის ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაცია?
ქირურგიული ჩარევა მხოლოდ პირველი ეტაპია: აღდგენა რეაბილიტაციასა და მოთამაშის უნარზეა დამოკიდებული. ,,ეს პოსტოპერაციული პერიოდიდანვე დაიწყება და ზუსტად უნდა მოერგოს მუხლის შეხორცების პროცესს, ტკივილსა და ფუნქციური შეფასებების შედეგებს. პირველი კვირები გადამწყვეტია'' - ამბობს ჟან-ბერნარ ფაბრი.
ზოგადად, 6-დან 9 თვემდე პერიოდად შეფასებული რეაბილიტაცია ექვს მკაფიოდ გამოყოფილ ფაზად მიმდინარეობს: ტკივილისა და შეშუპების შემცირება, მობილურობის აღდგენა, კუნთების გაძლიერება და ფიზიკური შესაძლებლობების შეფასება. შემდეგ ეტაპზე ფეხბურთელი ჯერ სირბილს იწყებს, შემდეგ ჯგუფურ ვარჯიშებსა და სპეციფიკურ საფეხბურთო მოძრაობებს უბრუნდება, ბოლოს კი უშუალოდ მოედანს.
რა რისკები ახლავს მოედანზე დაბრუნებას?
რამდენიმეთვიანი არყოფნის შემდეგ მოედანზე დაბრუნება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი საუკეთესო ფორმას მაშინვე დაიბრუნებს. ჟან-ბერნარ ფაბრი განსაკუთრებით უსვამს ხაზს მუდმივი შიშის რისკს, მაშინაც კი, როდესაც ფიზიკური აღდგენა სათანადოა:
„ერთ-ერთი რამ, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ფეხბურთელებს თავის ხელმეორედ დაზიანების ეშინიათ. შესაძლებელია, დაცული იყოს ყველა ფაზა, გქონდეთ დამაკმაყოფილებელი კუნთოვანი ძალა და სრულყოფილი ფუნქციური ტესტები… როდესაც ნდობა იკარგება, მოძრაობისას ფეხბურთელები საყრდენ ფეხს სრულად ვერ ენდობიან და უფრო ფრთხილობენ. ამ სიფრთხილის გამო კი იზრდება სხეულის სხვა ნაწილის დაზიანების რისკი, რის შემდეგაც მოთამაშე საკმაოდ ცუდ ჩაკეტილ წრეში ექცევა.''
შეიძლება თუ არა მოთამაშემ თავისი დონე ვეღარასდროს დაიბრუნოს?
ეს ის კითხვაა, რომელიც პარიზელ გულშემატკივრებსა და ლუის ენრიკეს უნდა აწუხებდეთ. რეალურად არანაირი გარანტია არ არსებობს, რადგან აღდგენის პროცესი ყველა სპორტსმენისთვის ინდივიდუალურია: „ზოგიერთი ფეხბურთელი შესანიშნავად ბრუნდება, ზოგიერთი კი მეტ სირთულეს აწყდება,'' - აღნიშნავს ფაბრი.
და მაინც, არის თუ არა შანსი, რომ ხვიჩა კვარაცხელია უწინდელზე ძლიერი დაბრუნდეს?
შესაძლოა, ამ ტრავმის წყალობით მან უფრო მოუმატოს და იმაზე მაღალ დონეზე დადგეს, ვიდრე მანამდე იყო.
სპეციალისტის პროგნოზი საკმაოდ იმედისმომცემია. მოედნის მიღმა გატარებული ეს პერიოდი ქართველ ვარსკვლავს საშუალებას მისცემს, იმუშაოს ფიზიკური მომზადების იმ ასპექტებზე, რომლებიც მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გამო ყოველთვის მეორე პლანზე გადადიოდა.
მომზადებულია Le Parisien-ის სტატიის მიხედვით.