მკაცრი ხელი - მოურინიომ რეალი 'თავის გემოზე' გადააწყო
გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ, რეალ მადრიდში, თავისი რეფორმების ტალღა სამი მკაცრი წესის დაწესებით დაიწყო. ჟოზე მეორე ვადით ივნისში - წასვლიდან 13 წლის შემდეგ დაბრუნდა.
მიმდინარე სეზონში „განსაკუთრებულის“ მთავარი ამოცანა კილიან მბაპეს, ჯუდ ბელინგემისა და ვინისიუს ჟუნიორისგან მაქსიმუმის გამოწურვა იქნება. პორტუგალიელმა სპეციალისტმაც დრო არ დაკარგა და ვარსკვლავებით დახუნძლულ გასახდელში დისციპლინის გამკაცრებას დაუყოვნებლივ შეუდგა.
ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მისი ახალი, უპირობო მოთხოვნები სამ ძირითად ასპექტს უკავშირდება: კვებას, პუნქტუალურობასა და აღდგენით პროცესებს.
1. სავალდებულო მენიუ
„სამეფო კლუბის“ ნუტრიციოლოგს სრული კარტ-ბლანში მიენიჭა, რათა ფეხბურთელებს ყოველდღიურად, თითოეული კვების რაციონი განუსაზღვროს. თუკი ადრე სპეციალისტი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის რჩევებით შემოიფარგლებოდა, ახლა მისი მითითებები სავალდებულო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთამაშეების თავისუფლებას ზღუდავს, გავრცელებული ცნობებით, გუნდმა სიახლე საკმაოდ პოზიტიურად მიიღო.
2. დაგვიანების ფასი – ინდივიდუალური ვარჯიში
მარტო ეს ცვლილებაც საკმარისია იმის დასანახად, რომ მოურინიოს ხუმრობა არ უყვარს, თუმცა მისი მიდგომა დაგვიანებაზე კიდევ უფრო პრინციპულია. თუკი ადრე „ბლანკოსის“ მილიონერი ვარსკვლავები ვარჯიშზე ან გუნდურ შეკრებაზე დაგვიანების გამო მხოლოდ ფინანსური ჯარიმებით იფარგლებოდნენ, ახლა მოურინიო მათ საერთო ჯგუფს ჩამოაშორებს. 63 წლის სპეციალისტმა ეს წესი ყველასთვის ერთნაირად აამოქმედა: წესის დამრღვევებს სავარჯიშო დარბაზში მარტო ყოფნა და ინდივიდუალური დატვირთვები ელოდებათ.
3. სრული კონტროლი ტრავმებზე
პორტუგალიელმა ტრავმების პრევენციისა და მართვის მექანიზმებიც დახვეწა. ამიერიდან, მისი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა აღდგენითი პროცედურა ექსკლუზიურად რეალის ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება. იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სამედიცინო საკითხები შიდა ძალებით მოგვარდეს და კლუბის პერსონალს თითოეული დეტალზე სრული ინფორრმაცია ჰქონდეს.
‼️ Mourinho impone nuevas normas
— Diario AS (@diarioas) August 7, 2026
🇵🇹🧐 El portugués observó hábitos que no le gustaban... y los cambió
🤔 ¿Qué te parecen? pic.twitter.com/3Iakm2nJgF