'მესის გარეშე ხმას ვერ იღებ' - მუნდიალის დაპირისპირება მადრიდულ დერბიშიც გაგრძელდა
მადრიდული დერბი იშვიათად ჩაივლის ხოლმე მშვიდად, თუმცა ამჯერად სანაკრებო დონეზე არსებული ძველი მეტოქეობა ლა ლიგაშიც გადავიდა. რეალ მადრიდის ვარსკვლავ ჯუდ ბელინგემსა და ატლეტიკოს მცველ კრისტიან რომეროს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა - ამ მატჩში, "სამეფო კლუბი“ „მეტროპოლიტანოზე“ 2:1 დამარცხდა.
ორ ფეხბურთელს შორის არსებული მტრობა, რომელიც ინგლისისა და არგენტინის ნაკრებების დრამატულ მატჩში ჩაისახა, ესპანეთის დედაქალაქში ახალი ძალით აფეთქდა.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რომერომ ბელინგემზე განხორციელებული უხეში თამაშის გამო წითელი ბარათი აიცილა: VAR-ის გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა მას მხოლოდ ყვითელი უჩვენა. რეალის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც მოგვიანებით დინ ჰუისენი გააძევეს და ჟოზე მოურინიოს გუნდს თამაშის დასრულება ათი კაცით მოუწია.
მწვავე შეურაცხყოფები მოედანზე
ესპანურმა მაუწყებელმა Movistar-მა (გადაცემა El Día Después-ის მეშვეობით) ორ ვარსკვლავს შორის გამართული დიალოგი დააფიქსირა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რომერო მსაჯობაზე ჰუისენთან ჩიოდა: „თქვენ წინააღმდეგ თამაში შეუძლებელია, ყველაფერზე ჯარიმას ნიშნავენ“. საუბარში ბელინგემი ჩაერია: „კუტი, შენც კარგად იცი...“, რაზეც რომერომ მკვახედ მიუგო: „წუწუნს მორჩი, პირი დახურე“.
სიტუაცია სწრაფად დაიძაბა. ბელინგემმა უპასუხა: „წადი შენი... მშიშარა ხარ, ნამდვილი მშიშარა“. რომერომ უკან არ დაიხია, ინგლისელებს მსოფლიო ჩემპიონატიდან მტკივნეული გამოვარდნა შეახსენა და ბელინგემს დასცინა: „იტირე, განაგრძე ტირილი. აი იქ, მსოფლიო ჩემპიონატზეც ხომ იტირე“.
ბელინგემმა არგენტინელს ბოლო სიტყვა არ დაუთმო და მის სანაკრებო წარმატებას ხაზი ირონიულად გაუსვა: „მესისთან ერთად რომ ხარ, ბევრს ლაპარაკობ, აქ კი არაფერი ხარ! მესის ზურგს უკან ხარ ყოჩაღი“. რომერომ კამათი მადრიდელთა ნახევარმცველის „მტირალა ბავშვად“ მოხსენიებით დაასრულა.
🇦🇷🏴 La lectura de labios del partido entre Atlético de Madrid y Real Madrid: El cruce de Bellingham con CUTI Romero y Giuliano Simeone.
— ELNINE (@ElNineES) September 21, 2026
Se calentó el inglés. 😅 pic.twitter.com/Dhw17oVdHz
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალზე, არგენტინამ ნახევარფინალიდან სწორედ ინგლისი გამოთიშა (2:1) . არგენტინა თამაშს აგებდა და შეხვედრის მიწურულს, ენცოსა და ლაუტარო მარტინესის გოლებით გაიმარჯვა.