ლუის ენრიკე: ,,თუ ხვალ სტადიონზე ვინმე მხოლოდ კოკა-კოლის დასალევად მოდის, სჯობს დაივიწყოს''
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ნანტთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ლიონთან მატჩი? მათ ჩვენზე ნაკლები შანსი ჰქონდათ, თუმცა თამაშის დასაწყისში ორი გოლი გაიტანეს, რამაც საქმე გაგვირთულა. ფრის მიღწევას ვცდილობდით, მაგრამ ვერ შევძელით. დასანანია, რადგან ჩემპიონობისთვის ქულები გვჭირდება.
ნანტი? როდესაც სეზონის დასრულებამდე 5 ან 10 მატჩი რჩება, ყველა შედეგი თავისებურად განსხვავებულია. აუტსაიდერებისთვის ეს გადარჩენის ბოლო შანსია, რათა ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნონ, მათ წინააღმდეგ თამაში კი ძალიან რთულია. გასულ სეზონში ნანტთან შინ ფრე ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, კარგი შედეგის მიღწევა გვსურს, თუმცა 4-0-ის ან 5-0-ის მოგება ასე მარტივი არ არის.
ლიონთან შეხვედრაში, მაშინაც კი, როცა 2 ბურთით ვაგებდით, გულშემატკივრები შეუჩერებლად მღეროდნენ. ასეთი ატმოსფეროს ხილვა შესანიშნავია და იმედი მაქვს, ეს მენტალიტეტი გუნდს კიდევ ერთხელ დაეხმარება.
როცა თამაშს ისე იწყებ, როგორც ეს ლიონთან მოხდა, საქმე რთულდება, თუმცა ეს უნდა გადალახო. ხვალინდელი მატჩი ძალიან მძიმე იქნება. თუ ხვალ ვინმე პარკ დე პრენსზე მხოლოდ კოკა-კოლის დასალევად და წასახემსებლად მოდის, სჯობს დაივიწყოს! თუ იოლი გასეირნების მოლოდინი გაქვთ, დაივიწყეთ. თამაში მაქსიმალურად კარგად უნდა დავიწყოთ და ჩვენი უპირატესობა მოედანზევე დავამტკიცოთ!
შემადგენლობა? მარტივი სათქმელია, რომ ყოველთვის უძლიერესი თერთმეტეულით უნდა ვითამაშოთ, მაგრამ სეზონის ბოლოს ფეხბურთელები ტრავმებს იღებენ და იღლებიან. ჩემი და სამწვრთნელო შტაბის ამოცანაა, თითოეული მატჩისთვის კონკურენტუნარიანი გუნდი გამოვიყვანოთ. ვიტინიას მცირე ტრავმას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, ნუნუ მენდეშის მდგომარეობა კი უმჯობესდება, თუმცა ის ჯერ მზად არ არის. ზოგიერთი მოთამაშე ცოტათი გადაღლილია ან ტკივილს გრძნობს. სწორედ ესაა ჩემი, როგორც მწვრთნელის საქმე - ვმართო ეს პროცესები, რათა ნანტი დავამარცხოთ.“ - ლუის ენრიკე
ხვალ პარი სენ ჟერმენი ნანტთან საფრანგეთის ლიგა 1-ის გადადებულ (26-ე ტური) მატჩს გამართავს.
ლიგა 1-ის 28 მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდს 63 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ნანტი კი 20 ქულით (29 მატჩში) მე-17 ადგილს იკავებს.
🔴🔵 Luis Enrique :
— MEGA PSG 🇵🇸 (@MegaPSG_) April 21, 2026
« Les matchs comme Nantes ce sont les pires sur une fin de saison. Ce sera plus difficile que face à Lyon. On est conscience de ça. On cherche à retrouver la victoire. » pic.twitter.com/uC0EWTd4je