კომპანი: ,,რთული წარმოსადგენია, რომელიმე გუნდმა შეცვალოს ის სათამაშო სტილი, რომელმაც ისინი აქამდე მოიყვანა''
19 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, პარი სენ ჟერმენთან საპასუხო მატჩის წინ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,შეიძლება თუ არა ისეთივე ტიპის თამაშს ველოდოთ, როგორიც გასულ კვირას იყო? ეს ყოველთვის ორივე გუნდზეა დამოკიდებული - თუ ერთ-ერთი მათგანი უკან დახევას და დაცვაში ჩადგომას გადაწყვეტს, მაშინ თამაშში, შესაძლოა, უფრო მშვიდი ფაზები ვიხილოთ. რთული წარმოსადგენია, რომ რომელიმე გუნდმა შეცვალოს ის სათამაშო სტილი, რამაც ისინი აქამდე მოიყვანა. ჩვენ სახლში ვთამაშობთ, მოგება გვსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
სეზონის დასაწყისში, შესაძლოა, ბევრს არ სჯეროდა, რომ ფინალში გასვლის შანსი კიდევ გვექნებოდა, მაგრამ ახლა აქ ვართ! ვფიქრობ, გულშემატკივრებს სჯერათ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. გვსურს, ეს მომენტი დაუვიწყარი გავხადოთ.
ჩემში შინაგანი სიმშვიდე სუფევს. უკვე ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ის ბოლო წინადადება, რომელიც გუნდს კიდევ ერთხელ მისცემს მოტივაციას. ჩვენი მისია თამაშების მოგებაა. ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს და არა ფილოსოფიების. ჩვენ ბევრი მატჩი მოვიგეთ, ასევე, პსჟ-მაც.
არის თუ არა პსჟ ყველაზე ძლიერი გუნდი, ვისთანაც მითამაშია? ასეთი რეიტინგების შედგენა არ მიყვარს. ისინი ბოლო რამდენიმე წელია ევროპაში უძლიერესები არიან და ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს. ხარისხთან და მწვრთნელთან ერთად, გუნდის ასაკიც მათ მხარესაა. ისინი აგრძელებენ განვითარებას და მუდმივად სწავლობენ. ეს არის გუნდი, რომელსაც პატივს ვცემთ და რომლის წინააღმდეგ თამაშიც ძალიან რთულია. თუმცა, გვჯერა, რომ ხვალ მათი დამარცხება შეგვიძლია.
შევძლებ თუ არა ამაღამ დაძინებას? დაძინება არ გამიჭირდება. თამაშის წნეხს ჯერჯერობით საერთოდ არ ვგრძნობ. ჩემს საქმეს ვაკეთებ და უპრობლემოდ მძინავს.
ვემზადებით თუ არა პენალტების სერიისთვის? რა თქმა უნდა, პენალტების შემსრულებელთა სია გვაქვს, თუმცა თერთმეტმეტრიანის დარტყმას არცერთ ფეხბურთელს არ ვაიძულებთ. ეს თემა ჯერ კიდევ სამი თვის წინ, გერმანიის თასის მატჩებამდე გვქონდა განხილული. სეზონის მეორე ნახევარში ეს ყოველი ვარჯიშის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ, თუ საქმე აქამდე მივიდა, ხვალ სპონტანური გადაწყვეტილებები არ იქნება.'' - ვინსენ კომპანი
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი პსჟ-სა და ბაიერნს შორის პარი სენ ჟერმენის გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა. საპასუხო მატჩი ოთხშაბათს, 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.
🚨 Vincent Kompany: “The fans believe we can do it. We want to make it a memorable moment”. pic.twitter.com/1t6G0IeLnQ
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 5, 2026