ლუის ენრიკე: "გვათამაშებენ მოედნებზე, სადაც ბურთი კურდღელივით ხტის"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, პსჟ-მ ჯგუფის მესამე შეხვედრა სიეტლს (0:2) მოუგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. შეხვედრაში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ახლა, 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში, ქართველი ვარსკვლავი მესისა და ინტერ მაიამის წინააღმდეგ აღმოჩნდება. მოგებული შეხვედრის შემდეგ, საკუთარი გუნდის შექების გარდა, ლუის ენრიკემ დიდი დრო დაუთმო მოედნისა და სათამაშო პირობების კრიტიკას.
მინდა მოედნის მდგომარეობაზე ვისაუბრო და ამას ახლა იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ.
აქაური მოედნები ძალიან განსხვავდება ევროპის მოედნებისგან. ბურთი არაპროგნოზირებადად ხტება. მოედანი ადრე ხელოვნური ბალახით იყო დაფარული, ახლა კი ბუნებრივი ბალახით, რომლის მორწყვაც ხელით უწევთ. ტაიმის შესვენების დროს რწყავდნენ, მაგრამ 10 წუთში შრება. ეს ნამდვილად პრობლემებს უქმნის ჩვენთვის სასურველ სათამაშო სტილს.
ეს არის ის, რაც FIFA-მ უნდა გაითვალისწინოს - არამხოლოდ სათამაშო მოედნები, არამედ სავარჯიშო სტადიონებიც - თუ გვინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო შეჯიბრი იყოს.
ვერ წარმომიდგენია NBA-ს პარკეტი ნახვრეტებით. ჩვენ ვთამაშობთ ისეთ მოედნებზე, სადაც ბურთი უფრო კურდღელს ემსგავსება, ვიდრე ბურთს. ეს ჩვენზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა შეიძლება სხვებისთვის სასარგებლოც იყოს. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. - განაცხადა ლუის ენრიკემ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალური დაპირისპირება (პსჟ-სა და ინტერ მაიამის შორის) 29 ივნისს გაიმართება. მატჩი ატლანტაში, 'მერსედეს-ბენც არენაზე' ჩატარდება.