კვარაცხელია პირველია - 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
მიუხედავად იმისა, რომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე წინა მუნდიალებთან შედარებით, 16-ით მეტი ნაკრები იასპარეზებს, ტურნირს მაინც არაერთი ვარსკვლავი დააკლდება. ვებგვერდმა GiveMeSport-მა დაასახელა 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მთავარ საფეხბურთო ტურნირზე ვერ ითამაშებს.
რეიტინგს ლიდერობს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც GiveMeSport წერს:
,,2022-2023 წლების სეზონში ნაპოლის ტრიუმფში მთავარი როლის შესრულების შემდეგ, სერია A-ში კვარაცხელიას შედეგიანობა ოდნავ შემცირდა, მაგრამ შემდეგ საფრანგეთში ისევ დიდ წარმატებას მიაღწია.
ბურთის ფლობისას ცბიერი გარემარბი დრიბლინგითა და მეტოქეზე ზეწოლის უნარით გამოირჩევა. ეს ყველაფერი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიამ ევრო 2024-ზე იასპარეზა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენით შემდეგი ნაბიჯი ვერ გადადგა.'' - GiveMeSport

GiveMeSport-ის თერთმეტეულში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი, მათ შორის ვიქტორ ოსიმენი, დუშან ვლაჰოვიჩი და დომინიკ სობოსლაი მოხვდნენ:
ხვიჩა კვარაცხელია - საქართველო
ბრაიან მბემო - კამერუნი
დომინიკ სობოსლაი - უნგრეთი
ვიქტორ ოსიმენი - ნიგერია
სერუ გირასი - გვინეა
იან ობლაკი - სლოვენია
კარლოს ბალება - კამერუნი
ადემოლა ლუკმენი - ნიგერია
დუშან ვლაჰოვიჩი - სერბეთი
ბენიამინ შეშკო - სლოვენია
მილოშ კერკეზი - უნგრეთი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 3 ქულით ჯგუფის მე-3 პოზიციაზე დაასრულა. ჩვენი ჯგუფიდან მუნდიალზე ესპანეთი გავიდა, თურქეთი კი მარტში პლეი-ოფში ითამაშებს.