ლიგა 1-ის კლუბებს სატელევიზიო უფლებების გაყიდვით მიღებული შემოსავალი 60%-ით შეუმცირდებათ
საფრანგეთის ლიგა 1-ს ფინანსური კრიზისი ემუქრება მას შემდეგ, რაც პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ (LFP) ტრანსლაციის უფლებები DAZN-სა beIN Sports-ს მხოლოდ 500 მილიონ ევროდ მიჰყიდა. არადა, ორგანიზაციის პრეზიდენტის, ვინსენ ლაბრუნის თავდაპირველი მიზანი სატელევიზიო უფლებების მილიარდ ევროდ გაყიდვა იყო.
L'Equipe-ს ცნობით, ლიგა 1-ის კლუბებს, გასულ სეზონთან შედარებით, ტრანსლაციის უფლებების გაყიდვით მიღებული შემოსავალი 60%-ით შეუმცირდებათ. ფრანგ გულშემატკივრებს კი თამაშების საყურებლად თვეში 45 ევროს გადახდა მოუწევთ, რაც ევროპაში ყველაზე ძვირია.
18 გუნდზე 80,5 მილიონი ევრო გადანაწილდება, რასაც რამდენიმე ფრანგული გამოცემა სასაცილო თანხას უწოდებს. მაგალითისთვის, პარი სენ ჟერმენი, რომელმაც შარშან სატელევიზიო უფლებების გაყიდვით 60 მილიონი ევრო გამოიმუშავა, წელს გაჩემპიონების შემთხვევაში, მხოლოდ 5 მილიონ ევრომდე მიიღებს, რაც გასულ სეზონში ბოლო ადგილზე გასულ მონპელიეს შემოსავალზე ნაკლებია.
En attendant les recettes générées par la chaîne de la Ligue, les clubs de L1 doivent se contenter d'un montant net à partager historiquement bas : 80,5 millions d'euros.https://t.co/2HkhmyAoN7 pic.twitter.com/jyqvF4Tkuc
— L'Équipe (@lequipe) August 20, 2025