Belive

კლოპის ღირსეული საქციელი - მეგობრების უკანასკნელი შეხვედრა ენფილდზე

4 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

იურგენ კლოპისა და შონ კოქსის გზები 2018 წელს გადაიკვეთა. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში, რომელშიც "ლივერპული" "რომას" დაუპირისპირდა, შონ კოქსსა და თავის ძმას, "რომას" ულტრასები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შედეგად, შონმა თავის ტვინის უმძიმესი ტრავმა მიიღო და ცხოვრებას შეზღუდული შესაძლებლობებით აგრძელებს.

სწორედ ამ მომენტიდან იწყება კლოპისა და კოქსის მეგობრობა - მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა შონ კოქსის რეაბილიტაციაზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო და მას შემდეგ, ერთგულ ფანს "ენფილდზე" მუდმივად იწვევს. გამონაკლისი არც პრემიერ ლიგის 30-ე ტურის მატჩი გამოდგა. იურგენ კლოპის პერსონალური მიწვევით, შონ კოქსი ოჯახის წევრებთან ერთად, "ენფილდს" ესტუმრა და "ლივერპულისა" და "ბრაიტონის" მატჩს დაესწრო. მატჩის დასრულების შემდეგ, კლოპმა მეგობარი პირადად მოინახულა და დაემშვიდობა. მეგობრების შეხვედრის კადრები "ლივერპულის" ოფიციალურ twitter-ის გვერდზე განთავსდა და მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

იურგენ კლოპმა "ლივერპულის" ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა. გერმანელმა სპეციალისმა მერსისაიდელებს პრემიერ ლიგის ნანატრი ტიტული და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ასევე, კლოპმა სრულიად ახალი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც "მანჩესტერ სიტისთან" ერთად, ინგლისური ფეხბურთის ფლაგმანია.

იურგენ კლოპმა დააანონსა, რომ "ლივერპულში" უკანასკნელ სეზონს ატარებს და გუნდს ახალი მუხტი შემატა - "ლივერპულში" ყველა გაერთიანებულია იმ იდეის გარშემო, რომ კლოპი კლუბს პრემიერ ლიგის კიდევ ერთი ტიტულით დაემშვიდობოს. წარმატების გასაღები თავად მერსისაიდელთა ხელშია და იმ შემთხვევაში, თუ "ლივერპული" დარჩენილ 9 მატჩს მოიგებს, ჩემპიონის ტიტულს დაეუფლება.

სხვა სტატიები