Belive

"კიტეიშვილის არყოფნის გამო ტაქტიკური გადაწყობა მოგვიხდა" - ზურაბ ხიზანიშვილი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ არენაზე თურქეთის ნაკრებთან 2:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

ქოჩორაშვილის ეპიზოდზე ვილის რეაქცია ჰქონდა, ეს მომენტი შეაფასა და თავისი პოზიცია გამოხატა - საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, გამოხატა თავისი ეგრეთ წოდებული აგრესია, მაგრამ ეს საქციელი საწითლე ნამდვილად არ იყო.

10-კაციან თურქეთთან რატომ არ შემოვიყვანეთ კიდევ თავდამსხმელი? ეს მანამდე განხორციელებული შეცვლებიდან გამომდინარეობდა. მერე თურქეთიც 5-მცველიან სქემაზე გადაერთო და მათ დაცვაში თავისუფალი ზონები შემცირდა. შემდეგ ვილისგან ვიღებდით დავალებას. 5-მცველიანი ტაქტიკით რომ ვთამაშობდით, ამბობდნენ, რომ შეტევას ერთ კაცს ვაკლებდით. ოდესღაც 4 მცველზე უნდა გადავსულიყავით და ეს დიდი ხნის წინ გვინდოდა. წაგების და მოგების შემდეგ ამაზე საუბარი ადვილია. მაგრამ არა მგონია, რომ შემდეგ თამაშებზე ვილიმ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.

მამარდაშვილს და კაშიას რაც შეეხება - ფეხბურთელებს მაღალ დონეზე თამაში სურთ. მათ მაღალ დონეზე სტაბილურად გამოსვლა უნდა ისწავლონ. მამარდაშვილი მსოფლიო დონის გუნდშია, მაგრამ გიორგი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გუნდებში სასტარტო შემადგენლობაში არ თამაშობს და ეს ახლანდელი მოცემულობაა. სამწუხაროდ, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძეც დაგვაკლდნენ. ცენტრალურ მცველებს რაც შეეხებათ, ერთი კაშია ძალიან გამოცდილია, მეორე გოგლიჩიძეა, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მცველი. ვფიქრობ, გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ, რადგან თუ არ თამაშობენ, ეს შეხვედრაზე აისახება. კიტეიშვილის არყოფნის გამო ტაქტიკური გადაწყობა მოგვიხდა, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. - ზურაბ ხიზანიშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩს, კვლავ თბილისში ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 7 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები