Belive

გიორგი მიქაუტაძის დამატებით ორი იტალიური კლუბი დაინტერესდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებით, ორი იტალიური კლუბი, "უდინეზე" (სერია A) და "ჯენოა" (სერია B) დაინტერესდა.

როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა, calciomercato-ი წერს, ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დასრულების შემდეგ, იტალიაში კლუბებმა სამზადისი უკვე ზაფხულისთვის და ახალი სეზონის დაგეგმვისთვის დაიწყეს. რაც შეეხება "ჯენოას" და "უდინეზეს" მათი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ზაფხულის განმავლობაში სწორედ 22 წლის ქართველის დამატება იქნება.

"ლიგა 2-ის ამჟამინდელი საუკეთესო ბომბარდირი, ახალგაზრდა კავკასიელი ცენტრ-ფორვარდი უკვე რამდენიმე თვეა, რაც "უდინეზეს" ინტერესებს შორისაა, ბოლო პერიოდში კი მისი მსურველების სიას "ჯენოაც" შეემატა, რომელიც ამჟამად სერია B-ში გამოდის, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ტოპ ლიგაში დაწინაურდებიან, მიქაუტაძის დამატებაზე იფიქრებენ", - წერს calciomercato.

გენუური კლუბი სერია B-ში ჩატარებული 23 შეხვედრის შემდეგ დაგროვებული 40 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება - სერია A-ში პირდაპირი წესით 2 გუნდი ამოდის, ხოლო 6 გუნდი ბრძოლას პლეი-ოფში აგრძელებს.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ ლიგა 2-ს, საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში მიქაუტაძე 11 გოლითა და 5 საგოლე პასით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელის ამჟამინდელ კლუბს, "მეცს", გუნდი 22 მატჩში 36 ქულა აქვს მოპოვებული და მეოთხე პოზიციას იკავებს. ამ სეზონში ლიგა 1-ში, გუნდების რაოდენობის შემცირების მიზნით, მხოლოდ ორი გუნდი აღზევდება. მეორე პოზიციის გამნაწილებელ ზურიკო დავითაშვილის "ბორდოსა" და "სოშოსთან" ჩამორჩენა 3 ქულაა.

სხვა სტატიები