ფატიმატა დემბელე: "ბევრი ვიშრომე, 200%-ით ვიხარჯებოდი და დღეს უსმანი იგივეს აკეთებს დედისთვის"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოქროს ბურთის ახალი გამარჯვებულის, უსმან დემბელეს დედა, ფატიმატა დემებელე შვილის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევის და იქამდე განვლილი გზის შესახებ საუბრობს.
"პატარა ასაკიდანვე ფეხბურთი მისი ერთადერთი საფიქრალი გახლდათ. უსმანს სკოლა არ უყვარდა. ის ჩვეულებრივ, სკოლაში დადიოდა, მაგრამ ყველაზე მეტად თამაში უყვარდა. არ გამკვირვებია, რომ წარმატებას მიაღწია, რადგან მას ყოველთვის ჰქონდა სურვილი, ბურთისადმი ლტოლვა, ეს ყოველთვის მის აკვიატებას წარმოადგენდა.
ოქროს ბურთი სულ სხვა რამ არის. ბავშვობაშიც კი ვსაუბრობდით ბარსელონაზე, მის ოცნებებზე, მაგრამ ოქროს ბურთამდე და მსგავს ეტაპამდე არასდროს მივსულვართ!
თუ დღეს კარგი მანქანა მაქვს, ეს მისი დამსახურება. თუ ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ გარკვეული გაჭირვებული ადამიანები, ეს მისი დამსახურებაა. ბავშვობიდან ყოველთვის ვმუშაობდი, ყოველთვის ვუვლიდი ჩემს მშობლებს, რომ არაფერი აკლდეთ და ჩვენთვის, მუსლიმებისთვის, ეს მნიშვნელოვანია.
მე ბევრი ვიშრომე, რომ მისი სწავლისა და ფეხბურთის ხარჯები გადამეხადა. ყოველთვის 200%-ით ვხარჯავდი თავს და დღეს უსმანიც იგივეს აკეთებს დედამისისთვის. ის ზრუნავს ჩემზე, როგორც მე ვუვლიდი ჩემს მშობლებს. ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ უკიდურეს სიუხვეში არ ვცხოვრობ. ჩვენ ისევ უბრალო ადამიანები ვართ", - ამბობს ფატიმატა დემბელე.
28 წლის უსმან დემბელემ გასულ სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში ტრებლი (ლიგა 1, თასი და ჩემპიონთა ლიგა) მოიგო, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 53 მატჩში 35 გოლის გატანა და 16 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.