Belive

ენტონი გორდონი: "ბელინგემი ჩემი უახლოესი მეგობარია, თუმცა იმედი მაქვს რომ სულ წააგებს"

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ენტონი გორდონმა განმარტა, თუ რატომ ადევნებს თვალს ინგლისის ეროვნული ნაკრების თანაგუნდელისა და მისი მეგობრის - ჯუდ ბელინგემის თითოეულ მატჩს და გულახდილად აღიარა, რომ თამაშისას ყოველთვის ერთი კონკრეტული შედეგის იმედი აქვს.

ინგლისისა და ესპანეთის ერთა ლიგის დაპირისპირების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბარსელონას გარემარბს ევროპულ გრანდებში მოასპარეზე ნაკრების წევრებზე ჰკითხეს, ბელინგემზე საუბრისას კი მან საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

„ჯუდი ჩემი უახლოესი მეგობარია, ძალიან მიყვარს თავად იგი და მისი თამაშის სტილიც, ის ნამდვილად უდიდესი ფეხბურთელია, თუმცა რა თქმა უნდა, ჯუდის ყველა თამაშს ვუყურებ და იმედი მაქვს, რომ სულ წააგებს რეალთან ერთად." - ენტონი გორდონი

გორდონის ამ უცნაურ აღიარებას სრულიად მარტივი და ლოგიკური განმარტება აქვს. ინგლისელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, ბელინგემი კი მადრიდის რეალის ღირსებას იცავს. ვინაიდან ეს კლუბები ლა ლიგაში ერთმანეთის პრინციპული მეტოქეები არიან, „სამეფო კლუბის“ შედეგები ბარსელონას ახალწვეულისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

მიუხედავად იმისა, რომ რეალის მარცხს გულშემატკივრობს, გორდონს ინგლისელი თანაგუნდელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაუშურებია. მან აღნიშნა, რომ ბელინგემს სეზონის შესანიშნავი დასაწყისი აქვს და დასძინა, რომ ნახევარმცველის ინდივიდუალურ თამაშს თვალყურს ძალიან ყურადღებით ადევნებს.

ამჟამად ორივე ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის სადებიუტო მატჩისთვის ემზადება, სადაც ინგლისი „უემბლიზე“ ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ესპანეთში ისინი კონკურენტები არიან, თუმცა ინგლისის მაისურით მოედანზე გასვლისას საერთო მიზნისთვის იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ ენტონი გორდონი ბარსელონაში ნიუკასლიდან გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა, ხოლო ჯუდ ბელინგემმა მიმდინარე სეზონში მადრიდელთა მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები