Belive

სექსისტური სკანდალი MLS-ში | იგუაინის ძმა ქალ არბიტრზე ზეწოლის გამო გუნდიდან გაათავისუფლეს

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

MLS-ის კლუბმა კოლამბუს კრიუმ სარეზერვო გუნდის (კოლამბუს კრიუ 2) მთავარი მწვრთნელი, ფედერიკო იგუაინი თანამდებობიდან სექსისტური ქცევისა და არბიტრზე ფიზიკური ზეწოლის გამო გაათავისუფლა. ინციდენტი 23 აგვისტოს, MLS NEXT Pro-ს მატჩში, ჰანტსვილ სიტისთან განცდილი მარცხის (0:1) დროს მოხდა. არგენტინის ნაკრებისა და რეალის ყოფილი ფორვარდის, გონსალო იგუაინის უფროსი ძმა მატჩის მსვლელობისას გააძევეს, რასაც თავდაპირველად მხოლოდ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვა.

როგორც პროფესიონალ მსაჯთა ასოციაციის (PSRA) ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, იგუაინმა ქალ მსაჯზე აშკარა ფიზიკური და სექსისტური ზეწოლა განახორციელა - მან არბიტრს ხელი ძლიერად მოუჭირა და სამჯერ გაფრთხილების მიუხედავად, ხელის გაშვებაზე უარი განაცხადა. ამ ფიზიკურ 'ძალადობას' თან დაერთო დემონსტრაციული და სექსისტური ფრაზაც: „არ დაგავიწყდეს, რომ ეს მამაკაცების თამაშია“.

მსაჯთა კავშირმა მკაცრად გააკრიტიკა ლიგის თავდაპირველი რეაქცია და აღნიშნა, რომ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ იგუაინის მოედანზე დაბრუნება სრულიად არასაკმარისი პასუხი იყო მომხდარზე.

გაზრდილი საზოგადოებრივი წნეხის შემდეგ კოლამბუს კრიუმ შიდა გამოძიება ჩაატარა და გადაწყვეტილება შეცვალა. კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ისა ტალმა ოფიციალურად დაადასტურა არგენტინელი სპეციალისტის დათხოვნა.

„ბოლო თვის მოვლენების დეტალური შეფასებისა და ფედერიკოსთან საუბრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გუნდის, ფეხბურთელებისა და პერსონალის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი გათავისუფლება საუკეთესო ნაბიჯი იყო. ის სტანდარტები, რასაც ჩვენი კლუბის ლიდერისგან მოვითხოვთ, არ იქნა დაკმაყოფილებული“. - ისა ტალი

PSRA-ს განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქალი არბიტრები ფეხბურთის ხარისხს ყველა დონეზე ამაღლებენ და მათ აქვთ სრული უფლება, იმუშაონ უსაფრთხო, პატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში.

ცნობისთვის, 41 წლის ფედერიკო იგუაინი კოლამბუს კრიუს ღირსებას ფეხბურთელის რანგშიც იცავდა (2012-2019 წლებში), კარიერის დასრულებამდე კი DC იუნაიტედსა და ინტერ მაიამიშიც ითამაშა, თუმცა მისი სამწვრთნელო ეტაპი მშობლიურ კლუბში ხმაურიანი სკანდალით დასრულდა.

სხვა სტატიები