დეკუ: "მსოფლიოში ცოტაა ისეთი ფორვარდი, როგორიც ალვარესი - ჩვენ მისთვის ზამთარშიც ვიბრძოლებთ"
ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ, გასული ზაფხულის ყველაზე ხმაურიან სატრანსფერო საგაზე დუმილი საბოლოოდ დაარღვია. გადაცემა El Món a Rac1-ში სტუმრობისას, პორტუგალიელმა დეტალურად ისაუბრა ხულიან ალვარესის ტრანსფერის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და განმარტა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში კატალონიურ გრანდსა და მადრიდის ატლეტიკოს შორის.
დეკუს თქმით, ბარსელონამ პროცესები სრულიად კორექტულად წარმართა, თუმცა მადრიდელებისგან ცივი უარი და იგნორირება მიიღო.
მან ასევე კატეგორიულად უარყო ბრალდება, თითქოს ბარსელონა ალვარესს ატლეტიკოდან წასვლის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთებას აიძულებდა.
„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით ვიმოქმედეთ და პროცესები აბსოლუტურად სწორად ვმართეთ. ატლეტიკოს ოფიციალური, 100-მილიონიანი წინადადებით მივმართეთ, თუმცა მათგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია. მედიაში გავრცელებული ჭორები, თითქოს თანხის 6 ნაწილად გადახდას ვითხოვდით, სიცრუეა. პირობა 3 სეზონზე გადანაწილებას ითვალისწინებდა, როგორც ამას სხვა კლუბები აკეთებენ." - დეკუ
პორტუგალიელმა თავისი ფეხბურთელობის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც პორტუს - პრეზიდენტმა პინტუ და კოშტამ ბარსელონაში იმავე ზაფხულს არ გაუშვა, თუმცა პირობა მისცა, რომ ერთი წლის შემდეგ სასურველ კლუბს თავად აირჩევდა. დეკუს თქმით, ატლეტიკოს გენერალურ დირექტორ მიგელ ანხელ ხილ მარინთან თუ მათეუ ალემანისთან პირადი კონფლიქტი არ აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ ალემანიმ ალვარესის თაობაზე გაგზავნილ შეთავაზებებს უბრალოდ არ უპასუხა.
საუბრის დასასრულს, ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა გუნდის შეტევის ხაზზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ფეხბურთში კლასიკური „ცხრიანების“ დეფიციტია.
"მსოფლიოში ცოტაა ასეთი ფორვარდი - არის ჰოლანდი, გვყავდა საუკეთესო რობერტი, ასევე ლუის სუარესი. დღეს პარი სენ-ჟერმენსაც კი არ ჰყავს გამოკვეთილი ცენტრფორვარდი. ამ ეტაპზე გოლების გატანაზე დარდი არ გვმართებს, რადგან რაფინია ახალ როლში ფანტასტიკურად გამოიყურება, გვყავს გაბრიელ ჟესუსი, რომელსაც გუნდური თამაში ეხერხება და ჰამზა აბდელკარიმი, რომელიც საჯარიმოში კლასიკურ თავდამსხმელს წააგავს“. - დეკუ
დეკუმ ასევე აღნიშნა, რომ ბარსელონა ხულიან ალვარესისთვის ბრძოლას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც განაგრძობს, თუმცა დიდი იმედებით არ არის განწყობილი...