Belive

CIES: "ევროპაში ყველაზე ცუდი ხელმძღვანელობა მანჩესტერს ჰყავს"

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

CIES Football Observatory-ის (სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრი) მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მანჩესტერ იუნაიტედმა, ევროპულ კლუბებს შორის, სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე არაეფექტიანად იმუშავა. მათი ზარალი 434 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო საერთო რეიტინგში მათზე უარესი მაჩვენებელი მხოლოდ საუდის არაბეთის ალ ჰილალს აქვს.

ბრიტანული გამოცემა „Daily Mail“-ის ცნობით, კვლევის ფარგლებში შეადარეს ფეხბურთელების შეძენაზე დახარჯული თანხები და მათი გაყიდვით მიღებული შემოსავლები, რასაც თან დაერთო კლუბის საკუთრებაში მყოფი მოთამაშეების საბაზრო ღირებულების ცვლილებების ანალიზიც.

იუნაიტედის მდგომარეობას ორი ციფრი ნათლად ასახავს: კლუბმა ფეხბურთელების გაყიდვით, დაახლოებით, 203 მილიონი დოლარი იზარალა, ხოლო გუნდის შემადგენლობის საერთო საბაზრო ღირებულება კიდევ 239 მილიონი დოლარით შემცირდა.

ზარალის მასშტაბს რამდენიმე კონკრეტული ტრანსფერი ცხადყოფს. იუნაიტედმა აიაქსიდან ანტონი 110 მილიონ დოლარად შეიძინა, მოგვიანებით კი რეალ ბეტისში სულ რაღაც 28 მილიონ დოლარად გაუშვა. ჯეიდონ სანჩოს სანაცვლოდ კლუბმა 95 მილიონი გადაიხადა, თუმცა მისი წასვლისას სანაცვლოდ არაფერი მიუღია, ხოლო რასმუს ჰოილუნის ტრანსფერმა ნაპოლიში 44 მილიონი დოლარის ზარალი მოიტანა.

2024 წელს, მას შემდეგ, რაც სერ ჯიმ რეტკლიფის კომპანია INEOS-მა კლუბის საფეხბურთო ოპერაციების მართვა ჩაიბარა, ზარალის შემცირება დაიწყო. მიუხედავად ამისა, ეს კვლევა სატრანსფერო ბაზარზე წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებისა და მიყენებული ზიანის მასშტაბებს სრულად აჩვენებს.

სხვა სტატიები