'ჩვენები როგორც იქნა მიხვდნენ, რომ მამარდა ცაციაა' - ლივერპულის ფანები
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის კარს ძირითადი შემადგენლობიდან იცავს (ალისონის ტრავმის შემდეგ), ქართველს საუკეთესო პერიოდი აქვს. მამარდამ ზედიზედ 2 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად (ასტონ ვილსთან 2:0 და რეალ მადრიდათან 1:0). გარკვეული კრიზისის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულის დამაჯერებელ გამარჯვებას, ფანების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ეს ეხება მამარდაშვილის თამაშსაც.
საკმაოდ სასიხარულოა, რომ ჩვენმა მცველებმა ბოლოს და ბოლოს გააცნობიერეს, რომ მამარდაშვილი ცაციაა და მას უხერხულ პასებს აღარ უბრუნებენ.
გიორგიმ ზედიზედ მეორედ შეინახა კარი მშრალად, დიდხანს ვოცნებობდით ამ მომენტზე.
ბევრი არ ამბობს ამას, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება, დარწმუნებულია საკუთარ თავში და დღეს ნამდვილად სოლიდური თამაში აქვს.
ჩვენი მეკარე ლივერპულის შემადგენლობაში საუკეთესო მატჩს ატარებს - განხილვის გარეშე.
თითქოს რეალთან ვალენსიას მამარდაშვილი ვნახეთ, რომელიც სამეფო კლუბს ვერ იტანს.
ნახეთ როგორ აღნიშნა მაკალისტერის გოლი? ნამდვილად განსხვავებული ხასიათი გამოავლინა. - ვკითხულობთ ფანების კომენტარებს X-ზე
რეალთან მატჩში გიორგის ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა ბელინგემის ახლო მანძილიდან დარტყმული ფეხით მოიგერია და დაცვასთან გაცილებით შეთამაშებული იყო.
ქართველი მეკარის მომდევნო გამოცდა პრემიერ ლიგაში, 9 ნოემბერს, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ შედგება.