არტეტა: "ახალ სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის 8-9 გუნდი იბრძოლებს"
ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა - მიკელ არტეტამ, ახალი სეზონის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სეზონიდან პრემიერ ლიგა კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო - ხოლო რაც შეეხება ჩემპიონის ბედს, წინასწარ თქმა ძალიან რთული იქნება, რადგან მისი აზრით ჩემპიონობისთვის 8-9 გუნდი იბრძოლებს.
არტეტამ აღნიშნა, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი არსენალიც იქნება, რადგან მის კლუბს სათანადო განწყობა და მომზადება აქვს, ამ ყველაფერს კი ის ემატება, რომ არსენალი საკმაოდ გაძლიერდა - მათ კრისტიან ნორგაარდი, კეპა არიზაბალაგა, ნონი მადუეტე და მარტინ ზუბიმენდი დაიმატეს, ამ ყველაფრის პარალელურად კი მოლაპარაკებები ვიქტორ გიოკერეშთან და კრისტიან მოსკერასთან მიმდინარეობს.
„საქმე იმაშია, რომ ლიგაში კიდევ ექვსი, შვიდი, რვა კლუბია, რომლებსაც გამარჯვებისთვის საჭირო შემადგენლობა ჰყავთ და საბოლოოდ მხოლოდ ერთი გამარჯვებული იქნება. ამიტომ, ჩვენ დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რისი კონტროლიც შეგვიძლია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია სეზონის ბოლოს სასურველი მიზნის მისაღწევად.
ჩვენ ასევე ძალიან აქტიურები ვიყავით და ვართ სატრანსფერო ბაზარზე. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ის მოთამაშეები, რომლებიც უკვე გვყავს, რაც ჩვენი უდიდესი მიზანია. შემდეგ კი, სეზონისწინა მზადების დროს სწორი საფუძვლები და სწორი პრინციპები უნდა დავამკვიდროთ, რათა გუნდი სეზონის დაწყებისთვის საუკეთესო ფორმითა და მზადყოფნით მოვამზადოთ.
წელს პრემიერ ლიგა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო და ჩემპიონობისთვის არა 2-3-4 გუნდი, არამედ წელს 7-8-9 გუნდი იბრძოლებენ." - მიკელ არტეტა
შეგახსენებთ, რომ არსენალმა ბოლო სამი სეზონიდან ორში მეორე ადგილი დაიკავა, წელს კი გუნდის მთავარი მიზანი პრემიერ ლიგის ჩემპიონობაა.
პრემიერ ლიგის ახალი, 2025/2026 წლების სეზონი 15 აგვისტოს აიღებს სტარტს და 2026 წლის 24 მაისს დასრულდება.