Belive

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი | სამხრეთ ამერიკაში 64-ნაკრებიან ტურნირზე ოცნებობენ

2 კვირის წინ ფეხბურთი
3 წთ

კონმებოლის პრეზიდენტმა, ალეხანდრო დომინგესმა, კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა 64-მა ნაკრებმა მიიღოს. მისი თქმით, ეს მუნდიალის საუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად ერთგვარი გამონაკლისი უნდა იყოს.

,,100 წლის შემდეგ რაღაც განსაკუთრებული უნდა გავაკეთოთ. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, განსხვავებული მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატაროთ, რომელიც თუნდაც ერთხელ, მთელ მსოფლიოს გააერთიანებს.

64-ნაკრებიან მუნდიალზე ვოცნებობ!'' - ალეხანდრო დომინგესი

დომინგესმა ფიფას მოუწოდა, რომ ამ იდეაზე დაფიქრდნენ და დებატები დაიწყონ. ახალი ფორმატის ინიციატორი პარაგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, იგნასიო ალონსო იყო, რომელმაც ამის შესახებ მიმდინარე წლის მარტში, ფიფას სხდომაზე განაცხადა. The New York Times-თან ინტერვიუში ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ ალონსომ წინადადება სპონტანურად წამოჭრა.

Gianni Infantino annonces 2030 World Cup will take place across three  continents

რატომ სურს კონმებოლს გაფართოებული ტურნირი?

საქმე ისაა, რომ 2030 წელს მუნდიალის მატჩების მასპინძლობით, სამხრეთ ამერიკას ტურნირის ჩატარების უფლება 2042 წლამდე ჩამოერთმევა, რადგან ფიფას მასპინძლობის პირობები ითვალისწინებს, რომ ყოველი მომდევნო 3 მსოფლიო ჩემპიონატიდან ერთ კონტინეტზე მხოლოდ 1 ჩემპიონატი ჩატარდეს. გაფართოებული ტურნირი კი არგენტინას, პარაგვაისა და ურუგვაის საშუალებას მისცემს, თითო-თითო მატჩის ნაცვლად, მთელ ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლონ.

იდეის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

მსოფლიო ჩემპიონატზე 64 ნაკრების თამაში, პირველ ყოვლისა, საკვალიფიკაციო ეტაპების ხარვეზებით ჩატარების რისკებს ზრდის.

აპრილში უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ეს ,,ცუდი იდეა'' იყო, რომელიც საფრთხეს როგორც მუნდიალს, ასევე საკვალიფიკაციო ეტაპსაც შეუქმნიდა. მის აზრს ეთანხმება კონკაკაფის პრეზიდენტი, ვიქტორ მონტალიანი და ამბობს:

ეს კარგი იდეა არ არის! ჯერ 48-გუნდიანი ფორმატიც კი არ გამოგვიცდია...

რას ფიქრობენ ფიფაში?

ნებისმიერი გაფართოება უნდა დაამტკიცოს ფიფას საბჭომ, რომელიც 37 წევრისგან შედგება და ერთ-ერთი კონმებოლის პრეზიდენტი, ალეხანდრო დომინგესია.

ფიფას გენერალურმა მდივანმა, მატიას გრაფსტრომმა, The Athletic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ:

ყველა იდეა მისასალმებელია, თუმცა კონკრეტული საკითხი არ განხილულა.

ჯანი ინფანტინო ამ თემას საჯაროდ არ შეხებია, თუმცა სექტემბერში, სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ორგანიზაციების ლიდერებთან შეხვედრისას, ფიფას პრეზიდენტმა თქვა, რომ ,,ერთად იწყებენ მუშაობას ისეთი რამის შესაქმნელად, რასაც მსოფლიო არ დაივიწყებს.''

2030 წელს მუნდიალი მაროკოში, ესპანეთში, პორტუგალიაში, არგენტინაში, ურუგვაისა და პარაგვაიში გაიმართება. ფიფას საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩები ჩატარდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც ტურნირის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა.

სამხრეთ ამერიკა სამ მატჩს უმასპინძლებს, გახსნითი შეხვედრა ურუგვაიში ჩატარდება, რომელშიც ადგილობრივი ნაკრები ითამაშებს. საკუთარ მოედანზე ჩაატარებს პირველ მატჩებს არგენტინაც და პარაგვაიც.

დარჩენილი ყველა შეხვედრა კი ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში გაიმართება.

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საიუბილეოა - 1930 წელს პირველ ჩემპიონატს სწორედ ურუგვაიმ უმასპინძლა.

სხვა სტატიები