Belive

ESPN-მა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი დაასახელა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტთა ზედმეტად ადრეული რეიტინგი: ვინ არის ნომერ პირველი?'' - ამ სათაურით აქვეყნებს ESPN სტატიას, რომელშიც 19-მა ჟურნალისტმა მომავალი მუნდიალის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

გამოცემის ვერსიით, 4 წლის შემდეგაც მოგების ყველაზე დიდი შანსი მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ექნება:

,,19 ჟურნალისტიდან 15-მა პირველი ადგილი ესპანეთის ნაკრებს მიანიჭა და ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ რატომ...

მძიმე სტარტისა და კაბო-ვერდესთან უგოლო ფრის მიუხედავად, „ლა როხამ“ ნელ-ნელა მოუმატა ტემპს და 8 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. და ჰო, მათ ამის გასაკეთებლად თინეიჯერი ფენომენი, ლამინ იამალი თითქმის არც დასჭირვებიათ: ბარსელონას ვარსკვლავი ტურნირზე ტრავმით ჩავიდა და მისი სათამაშო წუთები შეზღუდული იყო.

სწორედ ამიტომ უყვარს ყველას ესპანეთი - მათ აქვთ ის ხარისხი და შემადგენლობის სიღრმე, რითაც ყოველთვის კონკურენტუნარიანები იყვნენ. 1958 და 1962 წლების ბრაზილიის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ არცერთ გუნდს არ დაუცავს, თუმცა, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ესპანეთს ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია.'' - წერს ESPN

ესპანეთის გარდა, ფავორიტთა Top სამეულში საფრანგეთი და ინგლისი მოხვდნენ, სრული სია კი ასე გამოიყურება:

  1. ესპანეთი

  2. საფრანგეთი

  3. ინგლისი

  4. პორტუგალია

  5. ბრაზილია

  6. მაროკო

  7. არგენტინა

  8. გერმანია

  9. ნორვეგია

  10. ნიდერლანდები

  11. ბელგია

  12. იტალია

  13. კოლუმბია

  14. იაპონია

  15. მექსიკა

2030 წელს მუნდიალი მაროკოში, ესპანეთში, პორტუგალიაში, არგენტინაში, ურუგვაისა და პარაგვაიში გაიმართება. ფიფას საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩები ჩატარდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც ტურნირის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა.

სამხრეთ ამერიკა სამ მატჩს უმასპინძლებს, გახსნითი შეხვედრა ურუგვაიში ჩატარდება, რომელშიც ადგილობრივი ნაკრები ითამაშებს. საკუთარ მოედანზე ჩაატარებს პირველ მატჩებს არგენტინაც და პარაგვაიც.

დარჩენილი ყველა შეხვედრა კი ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში გაიმართება.

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საიუბილეოა - 1930 წელს პირველ ჩემპიონატს სწორედ ურუგვაიმ უმასპინძლა.

სხვა სტატიები