Belive

2029 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი 'კამპ ნოუზე' გაიმართება

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

თესალონიკში შეკრებილმა უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2029 წლის 2 ივნისს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალური მატჩი „სპოტიფაი კამპ ნოუზე“ გაიმართება. „ბლაუგრანას“ საშინაო არენამ "უემბლის" აჯობა.

ალექსანდრ ჩეფერინის ხელმძღვანელობით მოქმედმა მმართველმა ორგანომ არჩევანი მასშტაბური რეკონსტრუქციის ფაზაში მყოფ არენაზე შეაჩერა.

პროექტის დასრულების შემდეგ, „კამპ ნოუ“ 105 000 მაყურებელს დაიტევს და კონტინენტის უახლესი სტანდარტების მთავარი სპორტული ობიექტი გახდება. გეგმის მიხედვით, სტადიონის მესამე იარუსის მშენებლობა მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, რის შემდეგაც დაიწყება გადახურვის მონტაჟი, რაც დაახლოებით ოთხნახევარ თვეს გასტანს. სამუშაოების სრული ციკლი 2028 წლის დასაწყისში უნდა დაგვირგვინდეს.

ეს იქნება ევროპის მთავარი ტურნირის რიგით მესამე ფინალი, რომელსაც კატალონიური გრანდის არენა უმასპინძლებს. მანამდე „კამპ ნოუმ“ გადამწყვეტ მატჩებს 1989 წელს (სადაც მილანმა ბუქარესტის სტიაუა 4:0 განადგურა) და 1999 წელს უმასპინძლა. ეს უკანასკნელი ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა მანჩესტერ იუნაიტედმა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაიტანა, მიუნხენის ბაიერნს მატჩი მოუტრიალა და ლეგენდარული „ტრებლი“ გაიფორმა.

სხვა სტატიები