Belive

ზაფხულში ბარნსი, პეიპერი და რეინალი გვიმსაჯებენ

11 თვის წინ რაგბი
3 წთ

მსოფლიო რაგბმა 2023 წლის ოთხი ერისა და მსოფლიო თასამდე გასახურებელი მატჩების მსაჯები და ოფიციალური პირები დაამტკიცა.

ბორჯღალოსნები საფრანგეთში გამგზავრებამდე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს თბილისში და ერთსაც ედინბურგში, მასპინძელ შოტლანდიასთან. ზაფხულში 4 თამაშში ვიხილავთ ნიკა ამაშუკელს, პირველ ქართველ რეფერის, რომელიც გუნდურ სახეობებში მსოფლიო თასზე იმსაჯებს.

პირველი თამაში 12 აგვისტოს თბილისში, მსოფლიო თასის მონაწილე რუმინეთთან გვაქვს და მისი მთავარი მსაჯი ინგლისელი უეინ ბარნსი იქნება. 44 წლის რეფერიმ მსაჯობა 15 წლის ასაკში დაიწყო, 21 წლის მსაჯთა კოლეგიის წევრი გახდა, 2005 წლიდან კი საქმეს პროფესიონალურად მოკიდა ხელი. 2006 წელს მან პირველად იმსაჯა ტესტ-რაგბი, 2007 წლის მსოფლიო თასზე კი, დებიუტი საქართველოსა და ირლანდიის მატჩში ჰქონდა და წელს მეხუთე ჩემპიონატს იმსაჯებს.

2022 წლის 5 ნოემბერს ბარნსმა უელსისა და ახალი ზელანდიის შეხვედრა იმსაჯა. ეს მისი მე-100 საერთაშორისო მატჩი იყო, რითაც ნაიჯელ ოუენსის რეკორდი გაიმეორა. მსოფლიოს ნომერ პირველ მსაჯს, საქართველო-რუმინეთის მატჩზე კიდეებიდან პიერ ბრუსეტი და ჯანლუკა გნეჩი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ერიკ გაზინსი იქნება.

19 აგვისტოს ბორჯღალოსნები აშშ-ს მასპინძლობენ და მთავარი მსაჯი ასევე გამოცდილი, სამხრეთ აფრიკელი იაკო პეიპერია. 43 წლის მსაჯს სუპერ რაგბიში დებიუტი 2011 წელს, 20 წლის ასაკში ჰქონდა, 2011 წლიდან კი ტესტ-რაგბიში მისი დებიუტი შედგა. სამხრეთ აფრიკელმა 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასზე იმსაჯა და წელს საფრანგეთშიც ვიხილავთ.

პეიპერის პირველი თანამსაჯი ჰოლი დევიდსონია, შოტლანდიელი ქალბატონი, რომელიც საერთაშორისო თამაშებს 2017 წლიდან მსაჯობს. მეორე თანამსაჯი ფრანგი ლუკ რამოსია, ხოლო ვიდეო-რეფერი ტომას შარაბასი.

მსოფლიო თასის წინ ბორჯღალოსნები ბოლო გასახურებელ თამაშს 26 აგვისტოს ედინბურგში, „მარიფილდზე“ მასპინძელი შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ და რეფერი ჩვენთვის კარგად ნაცნობი 41 წლის ფრანგი მეთიუ რეინალი იქნება, რომელიც საერთაშორისო მატჩებს 2009 წლიდან მსაჯობს. ის მსოფლიო თასებს 2015 წლიდან ემსახურება.

რეინალს კიდეებიდან ტუალ ტრაინინი და ლუდოვიკ კერი დაეხმარებიან, ხოლო  ვიდეო-რეფერი აქაც ტომას შარაბასი იქნება.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები