Belive

"საქართველო - გუნდი, რომლისაც უნდა გვეშინოდეს" - The Roar

8 თვის წინ რაგბი
4 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე, 1 თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში - უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. 

სარაგბო ექსპერტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, C-ჯგუფი ყველაზე კონკურენტულ და ერთგვარ "სიკვდილის" ჯგუფად შერაცხა. ეს კი იმ გარემოებიდან გამომდინარეობს, რომ C-ჯგუფში, მსოფლიო რეიტინგის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პოზიციაზე მყოფმა ერებმა მოიყარეს თავი. მათთან ერთად კი მე-16 ადგილზე მყოფი პორტუგალიაც იასპარეზებს, თუმცა, ყველა თანხმდება, რომ პორტუგალია უშანსოდაა.

ავტორიტეტული ავსტრალიური სარაგბო მედია საშუალება - The Roar, ბორჯღალოსნების შანსებზე წერს და "ვოლაბებს" აფრთხილებს, რომ საქართველო არის ის გუნდი, რომლისაც უნდა ეშინოდეთ. 

ავსტრალია, უელსი, ფიჯი, საქართველო - ამ ოთხეულიდან მსოფლიო თასის 1/4-ფინალში გასვლა, ნებისმიერ ორს შეუძლია. ამ სტატიაში შევეცდებით გავარჩიოთ, თუ ვის აქვს ჯგუფიდან გასვლის ყველაზე მაღალი შანსი და შეიძლება, თუ არა, რომ ავსტრალიელთა ამბიციები მსოფლიო პირველობის დაწყებისთანავე დასამარდეს. 

ფიჯი და რა თქმა უნდა, საქართველო - მსოფლიო რეიტინგის მე-10, მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან და სჯობნიან იმ ერებს, რომლის წინააღმდეგაც სისტემატურად ასპარეზობენ, მაგრამ საინტერესოა, რამდენად შეუძლიათ ფიჯისა და საქართველოს, რეიტინგში მათზე წინ მყოფი ერების, ასეთ პრინციპულ მატჩებში დამარცხება? 

უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, მფრინავმა ფიჯელებმა მათი დიდი ხნის ვიზავები - ტონგა და სამოა კომფორტულად დაამარცხეს. ისიც ვთქვათ, რომ ირლანდიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ, ფიჯელებმა თავის გამოჩენა ვერ შეძლეს და დამარცხდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ფიჯი მსოფლიო რაგბის არაერთი ვარსკვლავის სამშობლოა, კონკრეტულ პოზიციებზე მათ მაღალი დონის მოთამაშეების აშკარა დეფიციტი აქვთ. ღერძსა და შერკინებაში, რომ ისეთი ვარსკვლავების ყოლის შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორიც ფრთებსა და ცენტრის პოზიციაზე ჰყავთ - ფიჯი მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სარაგბო ნაკრები იქნებოდა. სამწუხაროდ, სწორედ ეს სისუსტე იჩენს ხოლმე თავს მათი თამაშების უმრავლესობაში, რაც საბოლოოდ მატჩის შედეგს განსაზღვრავს. 

 

რაც შეეხება საქართველოს, "ვოლაბების" ფანებს ბორჯღალოსნების არ ეშინიათ, თუმცა, უნდა ეშინოდეთ! საქართველოს რისკისშემცველი ნაკრები ჰყავს, რომელსაც შეუძლია ზიანი მოგვაყენოს. გასულ წელს, ქართველებმა უელსის დამარცხება შეძლეს, მატჩში, რომელიც მათთვის მომავალი გეგმების დასახვის მომტანი აღმოჩნდა. 

ჩვენს ნახევარზე, 40-მეტრიან დისტანციაზე, ისინი ყველაფერს ძელებს შორის დაარტყამენ და ქულების მოპოვებას შეეცდებიან. ზუსტად ისე, როგორც უელსთან მატჩში. იმ შეხვედრაში საქართველო მეტოქის 22-ში იშვიათად იყო, მაგრამ შორეული დარტყმით მაინც ახერხებდა ქულის აღებას. 

მათი უკანა ხაზი საგრძნობლად უმჯობესდება. საქართველოს უდიდესი მონაპოვარი კი მათი ფიზიკური ძალაა. უელსთან მატჩში, ბორჯღალოსნებმა 120 ბოჭვა შეასრულეს და მათგან მხოლოდ 10 იყო არაზუსტი. ძირითად შემთხვევებში ელი, რომ ქართველები მოედნიდან ბოლო 20 წუთში გაქრებიან, მაგრამ უელსთან მატჩში ნათლად გამოჩნდა, რომ მესამე და მეოთხე მეოთხედში ისინი უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე მეტოქე. 

ამიტომ, ავსტრალია საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს, რომ საქართველოს ბარიერის დაძლევა შეძლოს.  - The Roar

ნამდვილად ღირს კიდევ ერთხელ იმის გამეორება, რომ ავსტრალია, უელსი, ფიჯი და საქართველოს ოთხეულიდან ნებისმიერ ორს შეუძლია მსოფლიო თასის 1/4-ფინალური საგზურის მოპოვება. იმისთვის, რომ საქართველომ პლეი-ოფის საგზური მოიპოვოს, ავსტრალია, უელსი, ფიჯი, პორტუგალიის წინააღმდეგ გასამართი ოთხი მატჩიდან მინიმუმ 3 გამარჯვება უნდა მოიპოვოს. 

ჯგუფში მოპოვებული 3 გამარჯვებაც არაა პლეი-ოფის საგზურის მოპოვების გარანტია და ამის მაგალითი 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასია, სადაც სამი გამარჯვების მიუხედავად, იაპონია B-ჯგუფში ჩარჩა - სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია კი 1/4-ფინალში გავიდნენ.

ძალიან არ უნდა გაგვიმართლოს ასე, რომ მოხდეს და ეს მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, თუმცა, ჩვენ მხოლოდ საუკეთესოს მოლოდინი გვქონდეს და როდესაც არის იმის რეალური შანსი, რომ ჩვენთვის ზედიზედ მეექვსე მსოფლიო თასზე, ისტორიაში საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ - რატომაც არა, მიაწექი საქართველო!

სხვა სტატიები