Belive

"ვეცდებით  პირველ ნომრად ვითამაშოთ და მოედანი გამარჯვებულებმა დავტოვოთ"- სიმონე ფერარი

1 წლის წინ რაგბი
2 წთ
კვირას, 10 ივლისს "ბორჯღალოსნები" პრინციპულ მეტოქეს, იტალიას დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა ბათუმში, 20:00 საათზე გაიმართება. უკვე დიდი ხანია, რაც სარაგბო სამყაროს დიდი თავსატეხი გაუჩინა საქართველოს ნაკრებმა. ჩვენი გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება და პირველი დონის ნაკრებებისთვისაც უხერხული მეტოქეა. ამ ყველაფრის ფონზე, გვაქვს პრეტენზია, რომ ვითამაშოთ 6 ერის ტურნირზე, იტალიის ნაცვლად. "ბორჯღალოსნებისგან" განსხვავებით, "აძური" წლებია უსახურ თამაშს აჩვენებს და 6 ერის ყველა გათამაშებას ბოლო ადგილზე ასრულებს. მათ დიდი ხნის პაუზის შემდეგ შეძლეს და  გამარჯვება მოიპოვეს, უელსის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ იტალიელებმა ბოლო მატჩი, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე, 2015 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ მოიგეს. აშკარაა, რომ იტალია რეგრესს განიცდის, "ბორჯღალოსნები" კი გაჩერებას არ აპირებენ. სარაგბო სამყარო უკვე ალაპარაკდა "აძურის" 6 ერიდან გაძევებაზე. ნაწილი ფიქრობს, რომ გავარდნა-აღზევების სისტემა  კარგი ვარიანტი იქნება, ზოგიც ფიქრობს, რომ 7 ერი უნდა შეიქმნას. არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს არაფერი ესაქმება 6 ერში. ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ-იტალიური დაპირისპირება ორმაგად საინტერესოა. შეგახსენებთ, რომ ამ ორი ნაკრების ბოლო შეხვედრა  ფლორენციაში შედგა და იტალიამ გაიმარჯვა. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და საქართველოს კვლავ მიეცა შანსი სარაგბო სამყაროს საკუთარი ძალა აჩვენოს. ქირან ქროულის შეგირდებმა ზაფხულის სერიებში უკვე ორი შეხვედრა გამართეს. პორტუგალიასთან რთული გამარჯვების შემდეგ, "აძურიმ" რუმინეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა. სწორედ ამ მატჩის შემდეგ, პირველხაზელმა სიმონე ფერარიმ საქართველოს სარაგბო ნაკრებზე ისაუბრა:
"საქართველო  ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ისინი დიდიხანია ამ მატჩს  ელოდებიან. ოთხი წლის წინანდელ მატჩთან შედარებით საქართველო გაიზარდა და შერკინების გარდა, ხაზიდანაც თავისუფლად შეუძლიათ პრობლემების შექმნა. ვეცდებით  პირველ ნომრად ვითამაშოთ და მოედანი გამარჯვებულებმა დავტოვოთ“.
საქართველოს ნაკრებმა  ბოლო შეხვედრა ქუთაისში არგენტინა XV-თან გამართა და ანგარიშით 24:30 დამარცხდა.

სხვა სტატიები