Belive

"ვეცდებით კიდევ ერთხელ დავწეროთ ისტორია და ქართველი ხალხი გავახაროთ" - რატი ზაზაძე

9 თვის წინ რაგბი
2 წთ

U20 რაგბის მსოფლიო თასის მე-5 ადგილის ნახევარფინალში, უმცროსი ბორჯღალოსნები უელსელ თანატოლებთან დამარცხდნენ. მეორე 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, ავსტრალიამ კაცნაკლული ახალი ზელანდია 44:35 დაამარცხა. შედეგად, საქართველო მე-7 ადგილისთვის “უმცროს ოლ ბლექსს” შეხვდება, მე-5 ადგილისთვის კი უელსი და ავსტრალია იბრძოლებენ.

უელსთან დასრულებული მატჩის შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა აღდგენა გაიარეს, დაშვებული შეცდომები გააანალიზეს და ახალ ზელანდიელ თანატოლებთან დასაპირისპირებლად მოემზადნენ. პრინციპული მატჩის წინ, რატი ზაზაძეს ვესაუბრეთ. belive-სთან საუბარში, უმცროსი ბორჯღალოსნების ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა აღნიშნა, რომ ყველაფერს იღონებენ, რათა ისტორია კიდევ ერთხელ დაწერონ და ქართველი ხალხი გაახარონ.



რატი ზაზაძე: "საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება, უდიდესი პასუხისმგებლობაა ქართველი ერის წინაშე. ნაკრებში ამაღლებული განწყობაა. ბიჭები დიდი ხანია ნაკრებში ერთად მოვდივართ და მიზნად გვქონდა დასახული, რომ ჯგუფში 2 თამაში მოგვეგო. ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ. არგენტინასტან პრინციპული მატჩი გვქონდა, ამიტომ შევეცადეთ ყველა ღონე გვეხმარა გამარჯვებისთვის და ამან შედეგი გამოიღო. სამხრეთ აფრიკასთან გამართულ მატჩსაც გამოვარჩევდი, რადგან აფრიკელები ფიზიკურად ძალიან ძლიერები იყვნენ, თუმცა, ჩვენ წინააღმდეგ კონტაქტური თამაში ნებისმიერ მოწინააღმდეგეს უჭირს.

უელსის წინააღმდეგ ვცდილობდით ბურთი დაგვეჭირა, მაგრამ შეცდომებმა იჩინა თავი. ახალი ზელანდიის წინააღმდეგ საბრძოლო განწყობით გავდივართ. გააზრებული გვაქვს ვის ვეთამაშებით და ვეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ, კიდევ ერთხელ დავწეროთ ისტორია და ქართველი ხალხი გავახაროთ".




შეგახსენებთ, U20 რაგბის მსოფლიო თასის მე-7 ადგილისთვის ბრძოლაში, უმცროსი ბორჯღალოსნებისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები