"საქართველოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ" - უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი
5 თვის წინ
რაგბი
1 წთ
20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 დღეა დარჩენილი. უმნიშვნელოვანესი ტურნირი, რომელშიც უმცროსი ბორჯღალოსნები სტაბილურად ასპარეზობენ, 29 ივნისს დაიწყება და იტალიის 4 სარაგბო ქალაქში გაიმართება.
საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები ქვეჯგუფში ირლანდიის, ახალი ზელანდიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს - უმცროსი ბორჯღალოსნები პირველ მატჩს, 29 ივნისს, 20:00 საათზე, ირლანდიელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.
პრინციპული მატჩის წინ უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტნის, ანდრო დვალის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი გულშემატკივრების გასახარებლად ბოლომდე იბრძოლებენ.
ფიზიკურად და ტექნიკურად ძალიან კარგად ვართ მომზადებული. ხანგრძლივი საწვრთნელი პროცესი გავიარეთ და რამდენიმე მატჩიც ჩავატარეთ. ვფიქრობ, ტურნირისთვის მზად ვართ.
არ მიყვარს მოლოდინებზე და შედეგებზე წინასწარ საუბარი - ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.
იტალიას საკმაოდ ძლიერი ახალგაზრდული გუნდი ჰყავს. შარშანდელ მსოფლიოზეც ვეთამაშეთ და ვფიქრობ, წელსაც საკმაოდ ხისტი დაპირისპირება იქნება. რაც შეეხება გაფართოებულ 20-წლამდელთა 6 ერში თამაშის შესაძლებლობას - რა თქმა უნდა, ასეთი დონის ტურნირში თამაში ყველას სურს. - ანდრო დვალი.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიელ, ახალ ზელანდიელ და იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.