Belive

"საქართველოსთან მატჩში დისციპლინა გადამწყვეტი იქნება" - ფიჯის მწვრთნელი

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პრინციპულ მატჩში, ფიჯისა და საქართველოს დაპირისპირება გაიმართება. 30 სექტემბერს, ბორდოში, მფრინავი ფიჯელები ბორჯღალოსნებს შეერკინებიან და ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში, 1/4-ფინალის საგზურს გაინაღდებენ.

მატჩი პრინციპულია ბორჯღალოსნებისთვის, რადგან ავსტრალიასთან მარცხისა და და პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კვლავ მოგების გარეშე ასპარეზობს.

საქართველოსთან გასამართი პრინციპული მატჩის წინ, ფიჯის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა - გლენ ჯექსონმა, დისციპლინის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კომპონენტში მფრინავ ფიჯელებს მკვეთრად გაუმჯობესებული შედეგი აქვთ. ჯექსონი აღნიშნავს, რომ ბორჯღალოსნებთან მატჩში ძირითადი აქცენტი დისციპლინაზე გაკეთდება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ნაკლებად დაჯარიმდნენ.

უკანასკნელ პერიოდში ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გაუმჯობესებული დისციპლინაა. ბოლო 4 მატჩის განმავლობაში 10-ზე ნაკლები ჯარიმა ავიღეთ (საფრანგეთი 9, იაპონია 7, ინგლისი 7, ავსტრალია 7). წარსულში ამ შედეგზე მხოლოდ ვოცნებობდით.

ჩვენს სტილს არ უნდა ვუღალატოთ, მაგრამ წარმატების მისაღწევად დისციპლინა აუცილებელია. მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი მივიღეთ, რაც საკმაოდ კარგი შედეგია - საქართველოსთანაც ასე უნდა ვითამაშოთ და დისციპლინას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. - გლენ ჯექსონი.

სხვა სტატიები