Belive

რაგბის მსოფლიო თასი 2027 | ყველაფერი ბორჯღალოსნების მეტოქეების შესახებ

2 დღის წინ რაგბი
4 წთ

2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილისყრა დაახლოებით 1 საათის წინ დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები B-ჯგუფში, კარგად ნაცნობი მეტოქეების წინააღმდეგ ითამაშებს.

ისევე, როგორც ხშირ შემთხვევაში, წილისყრაში შეიძლება ითქვას, რომ ამჯერადაც არ გაგვიმართა - ბორჯღალოსნები ზედიზედ ორგზის მსოფლიო ჩემპიონისა და რეიტინგის სათავეში მყოფი სამხრეთ აფრიკის ჯგუფში მოხვდნენ. ასევე ჩვენს ჯგუფში ითამაშებს იტალია, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბორჯღალოსნების პრინციპული მეტოქეა და 6 ერის გაფართოების ან გავარდნა/აღზევების პლეი-ოფის შესახებ დაწყებული საუბრების მთავარი მონაწილეა. ერთადერთი წარმომადგენელი, რომელთანაც გულშემატკივრებმა შეიძლება, რომ გარანტირებული მოგება დაგეგმონ რუმინეთია. ბორჯღალოსნებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი და ჯგუფის აშკარა აუტსაიდერი რუმინეთი...

შეიძლება ითქვას, რომ წილისყრისას მაინცდამაინც არც სასურველი ჯგუფი შეგვხვდა, რადგან განახლებული ფორმატიდან გამომდინარე, მეორეადგილოსნებთან ერთად, 4 საუკეთესო მესამეადგილოსანსაც აქვს პლეი-ოფში გასვლის შანსი, მაგრამ მთავარია ვის შეხვდები შემდეგ ეტაპზე.

განვიხილოთ რამდენიმე თეორიული სცენარი: იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში მეორე ადგილს დავიკავებთ F-ჯგუფის გამარჯვებულს შევხვდებით, რომელიც დიდი ალბათობით ინგლისი გახდება. ხოლო თუ საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით გავალთ, A ან D-ჯგუფების გამარჯვებულებს შევხვდებით, რომლებიც ასევე უდიდესი ალბათობით ახალი ზელანდია და ირლანდია გახდებიან.

რამდენად მარტივია ინგლისის, ირლანდიის ან ახალი ზელანდიის წინააღმდეგ თამაში, მაშინ, როდესაც A და E-ჯგუფებისა (პოტენციურად ავსტრალია-იაპონია) და C და F-ჯგუფების (პოტენციურად ფიჯი-უელსი) მეორე ადგილოსნები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თავად განსაჯეთ...

მეტოქეები და ურთიერთშეხვედრები

სამხრეთ აფრიკა - ბოლო ათწლეულია ბოკე იმ დომინანტ ძალას წარმოადგენს, რომლის შეჩერებასაც ვერავინ ახერხებს. 2019 და 2023 წლების მსოფლიო თასების ტრიუმფატორი მატჩებს ერთი ამოსუნთქვით იგებს და ამის ნათელი დასტურია, ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში, პრინციპალიტიზე 0:73 განადგურებული უელსი.

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგის სათავეშია და პედესტალზე უმაღლეს ადგილს ღირსეულად იკავებს. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს - აფრიკელებმა დაგვდეს პატივი და საერთაშორისო ტესტ-მატჩების ეგიდით ორჯერ შეგვერკინნენ. კიდევ ერთი დაპირისპირება შორეულ 2003 წელს, ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე შედგა.

  • 2003 | სამხრეთ აფრიკა 46:19 საქართველო

  • 2021 | სამხრეთ აფრიკა 40:9 საქართველო

  • 2025 | სამხრეთ აფრიკა 55:10 საქართველო

6 ერის გაფართოების და გავარდნა/აღზევების პლეი-ოფის სისტემის დანერგვას იტალიისა და საქართველოს მძლავრი პაექრობის შემდეგ დაედო საფუძველი. იტალია 6 ერზე ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაკრებს წარმოადგენდა, საქართველო კი რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ზედმეტად გადაზრდილი იყო.

დაპირისპირებამ დუღილის ტემპერატურას მიაღწია და საბოლოოდ 2018 წელს, ფლორენციაში იტალიისა და საქართველოს ესტ-მატჩი შედგა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. საქართველომ რევანში 4 წლის შემდეგ, ბათუმში აიღო, როდესაც იტალიას სძლია. გასულ წელს იტალიის დამარცხება გენუაშიც შეგვეძლო, მაგრამ მოგებული ტაიმის შემდეგ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შევძელით.

სპეკულაციებისთვის ახალი მუხტის მიცემა და გაღვივება 2027 წელს შეგვეძლება, როდესაც მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე იტალიას შევერკინებით.

  • 2018 | იტალია 28:17 საქართველო

  • 2022 | საქართველო 28:19 იტალია

  • 2024 | იტალია 20:17 საქართველო

რუმინეთი ჯგუფის აშკარა აუტსაიდერი და ჩვენთვის ყველაზე კარგად ნაცნობი მეტოქეა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთს სისტემატურად ვუპირისპირდებით და ვამარცხებთ. ბორჯღალოსნებსა და მუხებს შრის საზიარო ანთიმოს ივერიელის თასიც გამუდმებით საქართველოში რჩება.

საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრების სრული ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოკლედ გეტყვით, რომ ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 9 მატჩიდან, ყველა საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

სხვა სტატიები