Belive

გიორგი კვესელაძე | სამხრეთ აფრიკას საქმეს არ გავუმარტივებთ

2 წლის წინ რაგბი
4 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. “ბორჯღალოსნები” 2 და 9 ივლისს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, “სპრინგბოქსი” პირველ ტესტ-მატჩს გამართავს. სამხრეთ აფრიკის მორაბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა უძლიერეს შემადგენლობას უხმო. სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გასამართი უპრინციპულესი ტესტ-მატჩების წინ, მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გიორგი კვესელაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. მსოფლიო რაგბისთან საუბარში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა ტესტ-მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკასთან დაპირისპირება, როგორც ინდივიდუალურად - ასევე გუნდურად უდიდესი გამოწვევაა.
"პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკას სტუმრობს. ამ შესაძლებლობისთვის სამხრეთ აფრიკელებს უდიდეს მადლობას ვუხდი. სიმართლე გითხრათ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად ეს უდიდესი გამოწვევაა და სწორედ ასეთი გამოწვევის მიღება გვსურს. ჩვენ მზად ვართ და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სამხრეთ აფრიკასთან სამხრეთ აფრიკას საქმეს არ გავუმარტივებთ", - აღნიშნა გიორგი კვესელაძემ. 

Screenshot-2021-06-30-at-18.07.58-1024x587

სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გასამართი ტესტ-მატჩების პარალელურად, კვესელაძემ "შემოდგომის ერთა თასზე" მიღებულ გამოცდილებასა და სათამაშო ფორმაზეც ისაუბრა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სრული ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: დიდი გამოცდილება მიუხედავად იმისა, რომ 2 ივლისს საქართველო სამხრეთ აფრიკას 2003 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად შეხვდება, უკანასკნელ წლებში ისინი დიდ გუნდებს სულ უფრო ხშირად ეთამაშებიან და გამოცდილებას იღებენ. ამ კუთხით კვესელაძე 2020 წლის "შემოდგომის ერთა თასს" აღნიშნავს, რომელშიც მან ირლანდიის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და გუნდმაც რეპუტაციის გასამყარებლად დიდი ნაბიჯი გადადგა: "შემოდგომის ერთა თასზე" ტიერ1-ის გუნდებთან თამაშით უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონს უნდა შევხვდეთ, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ეს განვითარებაში დაგვეხმარება" – ამბობს ის. გუნდისთვის, რომელიც დომინანტია ევროპის მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის, "შემოდგომის ერთა თასი" უდიდესი ყოველკვირეული გამოცდილება იყო მსოფლიო თასს მიღმა. მართალია მათ ტურნირზე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს, თუმცა გაუმჯობესება შეტევაში თვალნათელი იყო. ახლა საქართველოს ცნობილი მორკინალების გარდა, ყავს მერაბ შარიქაძისა და კვესელაძის დუეტი ცენტრში და ახალგაზრდა დავით ნინიაშვილი, რომელიც უკანა ხაზისთვის ნამდვილი აქტივია. საუკეთესო ფორმა კვესელაძე ამბობს, რომ მისთვის შარიქაძის მხარდამხარ თამაში "ერთი სიამოვნებაა", ინგლისის პრემიერშიფში გადასვლა კი, საუკეთესო ფორმაში ამყოფებს: "ინგლისში ოთხი თვე გავატარე და ვფიქრობ, საუკეთესო ფორმაში ვარ. ვიმედოვნებ, რომ გავაგრძელებ განვითარებას, რადგან პროფესიონალების მხარდამხარ, პროფესიონალურ გარემოში ვთამაშობ და ეს ძალიან მეხმარება". "შემოდგომის ერთა თასის" შემდეგ საქართველო ჩვეულ გარემოს დაუბრუნდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულა. ნიდერლანდებთან 48:15 მოგება, ზედიზედ მე-20 გამარჯვება იყო ამ ტურნირში და 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლაში, მათ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს: "პირველ ტაიმში ბევრი შეცდომები დავუშვით, რაზეც შესვენებისას ვისაუბრეთ და მეორე ტაიმში გამოვასწორეთ. ბედნიერი ვარ, რადგან კვლავ მოვიგეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატი და მორიგი ნაბიჯი გადავდგით მსოფლიო თასზე გასასვლელად". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები