Belive

"გამოცდილების შედეგი სახეზეა" - უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

3 აპრილს 18 წლამდელთა 6 ერის ფესტივალზე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საფრანგეთი დაამარცხეს.

პარმაში გამართული მატჩის ბოლო წუთები განსაკუთრებით დრამატული გამოდგა. უმცროსი ბორჯღალოსნების რამდენიმე ფაზიანი მწვავე შეტევა საბოლოოდ ანრი შველიძის ლელოთი დასრულდა, გარდასახვა კი გიგი სირბილაძემ ზუსტად შეასრულა და ტაბლოზე 20:19 დააფიქსირა.

U18 საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა ვრცელი კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ გამოცდილების შედეგი სახეზეა.

ეს გამარჯვება იმ გამოცდილების შედეგია, რომელიც ერთმა მაღალი დონის თამაშმა მოგვიტანა. შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ უკეთესი შედეგისთვის გამოცდილება დაგვაკლდა და ფაქტი სახეზეა. იმ მარცხმა კი არ დაგვთრგუნა, გაგვაძლიერა, შეცდომები გავითვალისწინეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. შოტლანდიასთან და საფრანგეთთან თამაშების წინ შესრულებულ ჰიმნებს თუ შევხედავთ, იქაც კარგად ჩანს, რომ მეორე შეხვედრას უფრო მობილიზებული შევხვდით.

შოტლანდიასთან უფრო მეტი ვიბრძოლეთ, ვიდრე ვითამაშეთ, საფრანგეთთან კი ორივე ერთად იყო. შეცდომები აქაც გვქონდა და მომავალშიც გვექნება, მაგრამ მთავარია, რომ ამ შეცდომებზე ვისწავლოთ და გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

საფრანგეთთან მენტალურად უკეთ მომზადებულები აღმოვჩნდით. ბიჭებს თავიდანვე ვუთხარი, რომ 55-ე წუთამდე თამაშში თუ დავრჩებოდით, დასკვნით 15 წუთში ფრანგებს უფრო მეტი ექნებოდათ სანერვიულო და ასეც მოხდა. ჩვენ არ ვართ არავისზე მეტი, მაგრამ არც არავის ჩამოვუვარდებით და როდესაც ამისი მთელმა გუნდმა ირწმუნა, შევძელით თამაშის მართვა და საქმის ბოლომდე მიყვანა.

ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის, მთავარია, რომ მცდელობა იყოს სწორი და შეცდომას თუ დავუშვებთ არ დავითრგუნოთ – სწრაფად დავივიწყოთ და ახლიდან ვცადოთ. სწორედ ეს მოხდა დასკვნით წუთებში. მეტოქემ მოლი ლელოში ჩაგვიხურა, მაგრამ წნეხით შეცდომა დავაშვებინეთ და შემდგომმა მოლმა უკვე შედეგი გამოიღო. იგივე იყო გიგი სირბილაძის გარდასახვის დროს. მას ვუთხარით, რომ ჩვეულებრივი დარტყმა იყო, რომელიც აღარაფერს წყვეტდა და გიგიმაც დარტყმა ცივსისხლიანად შეასრულა. ეს დარტყმა რომც არ გასულიყო, მწვრთნელები თამაშით მაინც კმაყოფილი ვიქნებოდით.

მინდა მადლობა გადავუხადო მთელს სამწვრთნელო შტაბს და ბიჭებს თავდადებული შრომისთვის. აქ ყველამ აღნიშნა, რომ კი არ გაგვიმართლა, გამარჯვება ჩვენი თამაშით მოვიპოვეთ და ბედნიერებაა, როდესაც ამის მონაწილე ხარ.

წინ ინგლისთან თამაშია, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია. ახლა ჩვენი თამაშის ანალიზს ვაკეთებთ, მერე კი მომავალი მეტოქის თამაშს გავარჩევთ. მთავარია სწრაფად მოხდეს აღდგენა, ენერგიის შევსება და ძალების გადანაწილება. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ თამაშიდან თამაშამდე უკეთესები გავმხდარიყავით და ვფიქრობ, ამისაკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. პირველიდან მეორე თამაშამდე სხვაობა თვალსაჩინოა და ვიმედოვნებ, ეს გამოცდილება მესამე შეხვედრაშიც დაგვეხმარება. მთავარია შევინარჩუნოთ ცივი გონება, თამაში ვმართოთ და შესაბამისი ხარისხი ვაჩვენოთ. - ზურაბ ამონაშვილი

შეგახსენებთ, 18 წლამდელთა 6 ერის ფესტივალის დასკვნით მატჩში, უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 7 აპრილს, პარმაში გაიმართება.

სხვა სტატიები