Belive

"გამოცდილება მნიშვნელოვანია" - უმცროსი ბორჯღალოსნები U20 მსოფლიო თასისთვის ემზადებიან

1 კვირის წინ რაგბი
3 წთ

საქართველოს U20 მორაგბეთა ნაკრები შეკრებას გადის და 20-წლამდელთა მსოფლიო თასისთვის ემზადება, რომელსაც კვლავ სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს. გაფართოებულ შემადგენლობაში 60 მოთამაშეა, საიდანაც 30 საუკეთესო სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება.

U20 რაგბის მსოფლიო თასი 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება, საქართველო კი B-ჯგუფში ირლანდიასთან, ავსტრალიასთან და იტალიასთან ითამაშებს.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ლადო კილასონიას ვრცელი კომენტარი განთავსდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ჩვენი გეგმები წინა წლის მოსამზადებელი ეტაპისგან დიდად არ განსხვავდება. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ფიტნეს-მომზადებას, რა თქმა უნდა სათამაშო ელემენტების ნაზავით.

სამხრეთ აფრიკაში პირველი თამაში ირლანდიასთან გვაქვს, რომელიც საოცარ ფორმაშია; მეორე შეხვედრა ავსტრალიასთან, რომლის თამაშის ვიდეოები სულ მალე გვექნება, თუმცა რაც აქამდე გავიგეთ, საკმაოდ კარგი გუნდია. ჯგუფურ ეტაპს იტალიასთან ვასრულებთ, რომელსაც შარშანდელი ჩემპიონატიდან ძალიან დიდი რაოდენობით მოთამაშეები გადმოყვა, გამოცდილება კი მნიშვნელოვანია.

ჩვენც გვყავს 10 ასეთი მოთამაშე, თუმცა მათგან ერთი – გელა ხელაძე ტრავმირებულია და ჯერ არ ვიცით ითამაშებს თუ ვერა. მას ჯვარედინი გაუწყდა, ეს კი სერიოზული ტრავმაა. ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა რომან სახოკიამ. ახლახანს შემოგვიერთდა ირაკლი ჭყონია და ისინი მაქსიმუმს აკეთებენ, რათა რეაბილიტაციის პროცესი კარგად წავიდეს. გელა უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ არა სრული დატვირთვით. გვაქვს მეორე ტრავმაც – ფეხი მოიტეხა მგეზავმა ლუკა ჭინჭარაულმა.

შარშანდელ მსოფლიოზე ნათამაშები დანარჩენი 9 მორაგბიდან უმეტესობა ლეგიონერია, ლუკა ცირეკიძე კი ‘შავ ლომთან’ ერთადაა და ამ ეტაპზე ჩვენთან ვერ ვარჯიშობს.

მთლიანობაში, ბიჭები ბევრს მუშაობენ და ყოველ დღე იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები, რაც ძალიან სასიამოვნოა. ვფიქრობ, მზადება ძალიან კარგად მიდის, დანარჩენს კი თამაშები გვაჩვენებს. ბევრი რამ იქნება იმ მოთამაშეთა კონდიციებზე დამოკიდებული, რომელთაც ჩემპიონატი ჯერ არ დაუსრულებიათ. ისიც აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩვენ სულ 3 თამაში გვექნება ჩატარებული, ირლანდიას კი 10. საინტერესო წელი გველოდება.

შარშან საფრანგეთმა თავის სანაკრებო ბაზა („მარკუსზე“) ბრწყინვალედ გვიმასპინძლა. სამწუხაროდ, შარშანდელის მსგავსად, ტიერ 1-ის გუნდებისგან განსხვავებით, ეს იქნება ჩვენი პირველი საერთაშორისო თამაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოთამაშეებს მივცეთ გამოცდილება და ვნახოთ ვინ როგორ გამოიჩენს თავს ტიერ1-ის გუნდებთან. იგივეს ვიტყვი ინგლისთან ორ თამაშზეც. ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე.

ინგლისთან შარშანდელმა თამაშებმა (35:41, 40:38) მოგვცა საკუთარი თავის რწმენა. რწმენა იმისა, რომ რასაც ვაკეთებთ მნიშვნელოვანია და კარგად გამოგვდის. წელს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებმა ექვსი ერი მოიგო და ჩვენს ერთ-ერთ მეტოქე ირლანდიას ერთი ქულით აჯობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ინგლისელები შარშანდელი შედეგის გამოსასწორებლად ჩამოვლენ და ეს ჩვენთვის ძალიან მაგარი გამოცდილება იქნება.

კარგია, რომ თბილისში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ამას ვერაფერი გადაწონის. ყველას კარგად გვახსოვს ინგლისთან შარშანდელ თამაშებზე რა მაგარი ატმოსფერო იყო და იგივეს მოლოდინი გვაქვს წელსაც, როგორც ინგლისთან ივნისში, ასევე საფრანგეთთან მაისის დასაწყისში. - ლადო კილასონია.

მოსამზადებელ ეტაპზე უმცროსი ბორჯღალოსნები, მაისსა და ივნისში საფრანგეთსა და ინგლისს დაუპირისპირდებიან. საფრანგეთთან მატჩი 4 მაისს გაიმართება - ინგლისს კი 7 და 12 ივნისს ორი ტესტი შედგება. აღსანიშნავია, რომ თბილისში ორივე გუნდი უძლიერესი შემადგენლობით ჩამოდის. მატჩები „ავჭალის სარაგბო სტადიონზე“ გაიმართება.

უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), ლუკა უნგიაძე (ნევერი), დათო მოლაშხია (ლელო), დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), ონისე იოსელიანი (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), მიხეილ ხახუბია (ლელო), შოთა ხელაძე (ლელო), ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), შოთა მაღლაკელიძე (მათე), ნიკა აფციაური (ლელო), დავით მჭედლიძე (ტულონი), მათე ღურწკაია (ყოჩები), ვანიკო ნუცუბიძე (ლელო), დავით ქუნთელია (პროვანსი), გაგუი მარგველაშვილი (რასინგ 92), თემურ წულუკიძე (იუნკერები), მურთაზ ცხადაძე (არესი), ნიკოლოზ კუჭავა (არმია), დავით ლაგვილავა (გრენობლი), სანდრო მაქაცარია (არმაზი), ნიკა აბესაძე (ლელო), ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), ანდრო დვალი (ლელო), ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), გიორგი გერგედავა (კლერმონი), ნიკა ლომიძე (ბეიონი), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), ლუკა ჭაავა (აია), გიორგი გაბრიაძე (აია), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), გიორგი სპენდერაშვილი (ლელო), გიორგი ჯაში (არმია), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), გელა ხელაძე (ლელო), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), გიორგი ხაინდრავა (ლელო), ალექსი ზაზაძე (ხარები), ლუკა კობაური (ლეუკატე), სანდრო სესიაშვილი (არმია), ლუკა კეშელავა (არმია), გიორგი გამყრელიძე (ყოჩები), ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), ზურა ნინიძე (ბათუმი), სანდრო დარძულიძე (ლელო), სანდრო მესხიძე (არმია), ნიკა დუმბაძე (ბათუმი), გოჩა თავართქილაძე (ყოჩები), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), ოთარ მეტრეველი (აია), ლუკა ხორბალიძე (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა საღინაძე (ლიონი), თემურ ძოძუაშვილი (აია).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზურაბ ამონაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი, ირაკლი ჭყონია

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ექიმი: პაპუნა კუპრაშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ვიდეო: შალვა მახარაშვილი