Belive

Daily Mail: "შავი ზღვის ლას-ვეგასს, ბათუმს ვეწვიეთ და სარაგბო ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღე ვნახეთ"

1 წლის წინ რაგბი
7 წთ
Daily Mail-ის სპორტული მიმართულების ჟურნალისტი, ალექს ბაიუოთერი, 10 ივლისს ბათუმში იმყოფებოდა. იგი საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრას დაესწრო და ბრიტანული გამოცემისთვის, ემოციებით სავსე სტატია დაწერა. მის შთაბეჭდილებებს მცირედი კორექტირებით გთავაზობთ. დღისით, ბათუმის სანაპიროზე ტალღების მშვიდი ხმა ისმის, ღამით კი, საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი იღვიძებს. კვირას, საღამოს, ბათუმმა იფეთქა. საქართველოსთვის, იტალიის ანგარიშით 28:19 დამარცხება ნიშნავს იმას, რომ გუნდმა პირველი ეშელონის ნაკრები ისტორიაში პირველად დაამარცხა. საქართველომ სარაგბო სამყაროს შეტყობინება გაუგზავნა: ლევან მაისაშვილის გუნდი უმაღლეს კატეგორიას განეკუთვნება. ეს ქართული რაგბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. ბათუმის სანაპიროზე განთავსებულ ღამის კლუბებში მუსიკა უწვეტად უკრავდა - რაგბიზე სიგიჟემდე შეყვარებული მოსახლეობა გამარჯვებას ზეიმობდა. ფოიერვერკმა ღამის ცა გაანათა, მუსიკის ხმა კი გათენებამდე ისმოდა. საქართველოს ნაკრების წევრებსა და მათ ხელმძღვანელობას სურდათ, რომ სიამოვნება თითოეული წამით მიეღოთ.

განთქმულ ქართულ ღვინოს სვამდა და ყველას ეხვეოდა რაგბის კავშირის პრეზიდენტი, სოსო ტყემალაძე. მოთამაშეების გვერდით იმყოფებოდა უდიდესი მორაგბე, მამუკა გორგოძეც.

უკანასკნელ პერიოდში, ბათუმი, რომელსაც "შავი ზღვის ლას-ვეგასს" უწოდებენ, თანამედროვე, მრავალსართულიანი შენობების ქალაქად გადაიქცა, სადაც ფული აზარტული თამაშებიდან და ტურიზმიდან მიედინება. დიდი ნაბიჯის წინ გადადგმის პროცესში, საშინაო მატჩის ადგილად ბათუმის შერჩევა სწორი არჩევანი იყო. ამ ქალაქის მსგავსად, ლევან მაისაშვილსა და მის გუნდს ამბიციური გეგმები აქვთ.
"არ ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვებით ექვს ერში შესვლის საკითხი გადაწყდება - ერთი გამარჯვების საფუძველზე, ისინი კარს არ გააღებენ. ჩვენი სურვილია, გვქონდეს მეტი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პირველი ეშელონის გუნდებს ვეთამაშოთ. წელიწადში ერთხელ შეხვედრა საკმარისი არაა", - ამბობს ლევან მაისაშვილი.
იმსახურებს თუ არა საქართველო 6 ერში გაწევრიანებას, დღეს ეს ფართო განხილვის საგანია. იტალიის დამარცხების შემდეგ, საუბარი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ბევრი მიიჩნევს, რომ 6 ერში უკანასკნელ ადგილზე გასული გუნდი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო წარმომადგენელს უნდა დაუპირისპირდეს და მეექვსე გუნდის საკითხი ასეთი ტიპის შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს. სავარაუდოდ, აღნიშნული სცენარით, ერთმანეთთან დაპირისპირება კვლავ საქართველოსა და იტალიას მოუწევთ. საშინაო არენაზე მოთამაშე გუნდმა დაამტკიცა, რომ გამარჯვებას იმსახურებდა. ამის მიუხედავად, რაგბის კავშირის ხელმძღვანელები თვლიან, რომ საქართველოსთვის, 6 ერში შესვლა ჯერ ნაადრევი ნაბიჯია.

ამ ქვეყანაში, რაგბი ჯერ განვითარების ფაზაშია, თუმცა პროგრესი სწრაფად მიმდინარეობს. როგორც მაისაშვილმა აღნიშნა, საქართველოს, პირველი ეშელონის კლუბების წინააღმდეგ, მეტი მატჩის ჩატარება ჰაერივით ესაჭიროება. გზავნილის გასაკეთებლად, იტალიასთან მატჩი შესანიშნავი საშუალება იყო. საქართველომ აჩვენა ძალისა და ენერგიის სინთეზი, რომელსაც ზურგს გულშემატკივარის შეძახილები უმაგრებდა. ორი აზრი არაა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანაში, რაგბისადმი ძლიერი ემოციური დამოკიდებულება არსებობს.
"ყველაფერს ერთი სიტყვით აღვწერ - ერთიანობა. მოთამაშეებს, სტაფსა და გულშემატკივარს შორის, საოცარი ერთიანობა იგრძნობოდა. ამ გამარჯვებისთვის, მთელი საქართველო გაერთიანდა", - თქვა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ.
საქართველოს წინააღმდეგ, იტალიას სარეზერვო გუნდით არ უთამაშია. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ ნაკრებმა, მარტში, უელსთან გამარჯვება მოიპოვა. თავის მხრივ, საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა. გამორჩეულად ითამაშეს უკანახაზელებმა - დავით ნინიაშვილმა და თედო აბჟანდაძემ. ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი წაიყვანა სტადიონის გამომცხადებელმა - მთელი მატჩის განმავლობაში, იგი ენერგიულ ატმოსფეროს ქმნიდა და გვიგზავნიდა შეძახილებს, რომელიც გულშემატკივარს იყოლიებდა. ბათუმის სტადიონს სახურავი რომ ჰქონოდა, მატჩის დასრულების შემდეგ, ის აუცილებლად ჩამოინგრეოდა.
"ბედნიერი ვარ იმით, რომ მოვესწარით დღეს, რომელსაც ამდენი ხანი ველოდებოდით. 6 ერის მონაწილე პირველი ეშელონის გუნდის მასპინძლობა დიდი პატივია - საქართველოში რაგბის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე იგი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. ასევე, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარის მხურვალე მხარდაჭერა მთელმა მსოფლიომ იხილოს", - განაცხადა სოსო ტყემალაძემ, რომელიც მატჩის შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა.
იტალიის პირდაპირ ჩანაცვლება საქართველოს მიზანი არაა. მომავალში, ქართველებს სურთ, შეუერთდნენ გაფართოებული ჩემპიონატის ახალ ფორმატს, სადაც მონაწილეობას სამხრეთ აფრიკაც მიიღებს.

ეს მომავლის საკითხია, თუმცა საქართველოს საკითხი აქტუალური დღესაა. მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელებმა ზუსტად უნდა გაიაზრონ ქართველთა შესაძლებლობა - რამდენად უკეთესი გახდება გუნდი იმ შემთხვევაში, თუკი საუკეთესოებთან ითამაშებს?



რაგბი აქ უკვე ეროვნული სპორტია, თუმცა მისი პოპულარიზაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თბილისში გამართულ საშინაო შეხვედრებს 50,000-ზე მეტი გულშემატკივარი ესწრება, თუმცა ფაქტია, რომ სხვა ქალაქში მასპინძლობის იდეამ ასევე გაამართლა.

"როდესაც საქართველოში სამწვრთნელო კარიერა დავიწყე, ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა, სრულიად არაფერი. ვთამაშობდით საშინელ მოედანზე, არ გვქონდა ინფრასტრუქტურა", - თქვა ლევან მაისაშვილმა, რომელსაც საფინალო სასტვენის შემდეგ ღიმილი არ მოსცილებია.

მაისაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, თუ როგორ მიიღოს ცხოვრებით სიამოვნება - გასულ ზაფხულს, COVID-19-ით დაინფიცირების შედეგად, მაისაშვილი 1 თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. მისი გადარჩენის შანსი 1%-ით შეფასდა, თუმცა დღეს იგი ცოცხალია და გუნდს სრულიად ახალ ენერგიას სძენს.

"პასუხი კითხვაზე, თუ ვინ უნდა იყოს 6 ერის მონაწილე, მე არ მეხება. საქართველომ გაიმარჯვა - მან ითამაშა გაცილებით უკეთესად, ვიდრე ჩვენ. ვილოცავ საქართველოს, გასახდელში, ბიჭებს ვუთხარი, რომ ქართველები ისევე ზეიმობდნენ, როგორც ჩვენ, კარდიფში უელსის დამარცხებისას. ეს გამარჯვება ქართული სარაგბო საზოგადოებისთვის ბევრს ნიშნავს. შეხედეთ, ჩემს წინ 10 კამერა დგას - მას შემდეგ, რაც იტალიის ნაკრებს ვწვრთნი, ასეთ სავსე პრესკონფერენციაზე პირველად ვიმყოფები", - განაცხადა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კირან ქრაულიმ.

სხვა სტატიები