Belive

"ჩვენ არ ვართ ტიერ 2, საქართველოს ყველაზე ძლიერი შერკინება ჰყავს" - უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი

9 თვის წინ რაგბი
2 წთ

U20 რაგბის მსოფლიო თასის მეშვიდე-მერვე ადგილებისთვის გამართულ მატჩში, უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

პრინციპული და სანახაობრივი მატჩი, საქართველოს მარცხით 26:50 დასრულდა, თუმცა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ძლევამოსილ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რიგ ეპიზოდებში დაჩაგრეს.

მარცხის მიუხედავად, საქართველომ ისტორიული საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მსოფლიო თასზე ასპარეზობა მე-8 პოზიციაზე დაასრულა.

კეიპტაუნში გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანმა - ლაშა ციხისთავმა ემოციური კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ტურნირზე საქართველოს საუკეთესო შერკინება ჰყავდა.

ლაშა ციხისთავი: "ვფიქრობ ძალიან კარგი რაგბი ვითამაშეთ. ვფიქრობ ყველამ დაინახა, რომ შეგვიძლია იდეალურად ვითამაშოთ, როგორც ღია თამაშში - ასევე შერკინებასა და მოლში. აქ, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე შერკინებასა და მოლში საქართველო საუკეთესო გუნდი იყო. ამაში ვერავინ შემედავება. ნებისმიერ გუნდზე ძლიერები ვიყავით, როგორც ჩვენს ჯგუფში - ასევე პლეი-ოფში.

მჯერა, რომ მომავალ წელს, ჩვენი მომავალი თაობა ამ შედეგს გააუმჯობესებს. ამაყი ვარ იმით, რაც გავაკეთეთ. ჩვენ ისტორია დავწერეთ. სამწუხაროდ იღბალი ჩვენს მხარეს არ აღმოჩნდა, 1/2-ფინალში თამაში შეგვეძლო, მაგრამ საბოლოოდ ასპარეზობა მე-8 ადგილზე დავასრულეთ. ეს ჩვენთვის ასევე საუკეთესო შედეგია, რადგან სწრაფად ვპროგრესირებთ.

დღევანდელი მატჩის სტარტზე გარკვეულ შოკში ვიყავით. როდესაც დავმშვიდდით და ჩვენი თამაშის თამაში დავიწყეთ ყველამ დაინახა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის პირველ ნახევარში მეტოქეზე უკეთესი გუნდი ვიყავით და ვდომინირებდით.

ვფიქრობ ყველამ დაინახა, რომ საქართველო ტიერ 2-ის გუნდი არაა. ჩვენ ტიერ 1-ის გუნდი ვართ და სრულიად სარაგბო ოჯახი უნდა ამჩნევდეს, თუ რამდენად სწრაფად ვპროგრესირებთ".

შეგახსენებთ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიაში პირველად შეძლეს ჯგუფში ორი თამაშის მოგება და შემდეგ ასევე ისტორიულ საუკეთესო მე-8 ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.

სხვა სტატიები