ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი | ცნობილია, თუ რა ჯგუფში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ნაკრები
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს.
მსოფლიო რაგბმა 2026 წელს საქართველოში - თბილისსა და ქუთაისში გასამართი ჩემპიონატის დეტალები დაამტკიცა. მოგეხსენებათ, ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზარდა და პირველად 2009 წლის შემდეგ, მასში კვლავ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შეიცვალა ჩემპიონატის სახელიც და მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ნაცვლად, მას ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ეწოდა.
განთესვის შედეგად ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოთხი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავა; ჯგუფის მეორეადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას; მესამეადგილოსნები მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებენ; ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები მე-13-მე-16 ადგილებისთვის ითამაშებენ.
ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები
ა და გ ჯგუფის თამაშები თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ჩატარდება, ხოლო ბ და დ ჯგუფის შეხვედრებს ქუთაისი, „აია არენა“ უმასპინძლებს. ფლეი ოფები ორ დღეზე იქნება განაწილებული, ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩები კი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 27 ივნისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველო სამივე თამაშს „ავჭალაზე“ გამართავს - 27 ივნისს უელსთან 18 საათზე; 2 ივლისს 20:30 საათზე სამხრეთ აფრიკასთან და 7 ივლისს 20:30 საათზე ურუგვაისთან. ნახევარფინალები 12-13 ივლისსაა ჩანიშნული, ხოლო ფინალური თამაშები 17-18 ივლისს შედგება.
შეგახსენებთ, საქართველომ 20-წლამდელთა ჩემპიონატს პირველად 2017 წელს უმასპინძლა და მან მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება მიიღო.
„მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი - მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, ახალი, თამამი ფორმატით. მონაწილეთა რაოდენობის 16-მდე გაზრდა იმის დასტურია, რომ გვსურს რაგბი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო პოპულარული გავხადოთ და უფრო მეტ ახალგაზრდა მოთამაშეს მივცეთ განვითარების შესაძლებლობა“.
„საქართველომ ერთხელ უკვე დაამტკიცა, რომ ტურნირების მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია და ახლაც მოუთმენლად ველით მასთან თანამშრომლობას, რათა ჩავატაროთ მსოფლიო დონის ჩემპიონატი“ - მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბრეტ რობინსონი
2026 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი პირველი საერთაშორისო ტურნირი იქნება, სადაც გამოიყენება ბოჭვის დაწევის მეთოდიკა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს თავთან კონტაქტის ალბათობა. ეს ინიციატივა მოთამაშეთა უსაფრთხოებითაა ნაკარნახები და ის წარმატებით დაინერგა შიდა ჩემპიონატებში.