Belive

ზურაბ დათუნაშვილს მსოფლიო ჩემპიონობისა და ოლიმპიური მედლის ჩამორთმევა ემუქრება

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტიდოპინგურმა სამმართველომ (CAS ADD) დაადგინა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა, დოპინგის წესები დაარღვია, რის გამოც 5-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. გარდა ამისა, ქართველ მოჭიდავეს, რომელიც 2019 წლიდან სერბეთის სახელით ასპარეზობდა, 2021 წლის 27 მაისის შემდეგ მიღებული ყველა მედლის ჩამორთმევა ემუქრება. ITA-ს (International Testing Agency) ცნობით, დათუნაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა.

2023 წლის 11 აპრილს ზურაბ დათუნაშვილს შარდის სინჯის შეცვლისა და ყალბი მტკიცებულებების გამოყენების გამო დროებითი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ფაქტი 2022 წლის 6 აინვარს დაფიქსირდა, როცა სპორტსმენის მოძებნა ვერ მოხერხდა. 2023 წლის 22 ნოემბერს საქმე სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტიდოპინგურ სამმართველოს გადაეცა, მოსმენა კი 2024 წლის 1 და 2 ივლისს გაიმართა.

2024 წლის 19 სექტემბერს CAS ADD-მა მტკიცებულებების განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ დათუნაშვილმა დოპინგის წესები დაარღვია და სპორტსმენი 5-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. გარდა ამისა, მოჭიდავის მიერ 2021 წლის 27 მაისიდან 2023 წლის 11 აპრილის ჩათვლით დაფიქსირებული ყველა შედეგი გაუქმებულია.

დათუნაშვილმა CAS-ში აპელაცია შეიტანა და მხოლოდ შარდის სინჯის შეცვლის ბრალდება გაასაჩივრა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მედლების გადანაწილების პროცესი დროებით შეჩერებულია. - წერია ITA-ს ვებგვერდზე.

იმ შემთხვევაში თუ ზურაბ დათუნაშვილს ბრალდება დაუმტკიცდება, მოჭიდავეს სერბეთის სახელით მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატის 2 ოქროს მედალი და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი ჩამოერთმევა.

სხვა სტატიები