Belive

ზაურ დვალაშვილი: ,,თავდაუზოგავი შრომით, მწვერვალებს დავიპყრობ.''

5 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ერთი კვირის წინ, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი გახდა. ,,ახალი თაობის’’ დღევანდელი სტუმარი, ავსტრიის გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორი და ეროვნული ნაკრების წევრი - ზაურ დვალიშვილია, რომელიც ძიუდოს მოყვარული საზოგადოებისთვის კარგადაა ნაცნობი.

სპორტით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული, ადრეული ასაკიდან ძალიან აქტიური ვიყავი, რის გამოც მამაჩემმა 7 წლის ასაკში მიმიყვანა ძიუდოზე, რათა ძალები მომესინჯა. თუმცა, სპორტის ეს სახეობა დროებითი გატაცება არ აღმოჩნდა ჩემთვის და პირველივე დღიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ცხოვრების წესი გახდა. ჩემი ინსპირაციის წყარო ჩემი მშობლები არიან, ისინი მაძლევენ ყოველდღიურად მოტივაციას, გარდა ამისა, ვთვლი რომ განსაკუთრებულად კარგი მეგობრები მყავს, მათთან ერთად ვარჯიში, დამატებითი ენერგიებით მავსებს. კუმირებს რაც შეეხება, არ მყავს, რადგან მგონია, რომ ყველა წარმატებული სპორტსმენისგან შეიძლება რაიმე ღირებულის სწავლა.

აქამდე, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ევროპის ჩემპიონობაა. ამ ეტაპზე, უკვე დაწყებული მაქვს მზადება საქართველოს ჩემპიონატისთვის უფროსებში, რომელიც წინა წელს მოვიგე და ამ წელს შევეცდები ტიტულის დაცვას. მიმაჩნია, რომ სპორტსმენისთვის ევროპისა და ზოგადად, ტურნირების ჩემპიონობა გაწეული შრომის დაფასებაა. ძალიან რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რომელსაც ამ დროს განიცდი ადამიანი. ბედნიერდები დამატებით იმით, რომ შენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს ახარებ და ქვეყნის ჰიმნს გააჟღერებ ამაყად. საქართველოს ამჟამინდელი ძიუდოს ნაკრები, თავისი სრული შემადგენლობით, უძლიერესი ფორმაციისაა, რომელსაც ყველა მწვერვალის დაპყრობა შეუძლია, ძალიან ბევრი გამორჩეული სპორტსმენია ნაკრებში, რომელთაც კიდევ უფრო მეტი წარმატების მოტანა შეუძლიათ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ქვეყნისთვის.

ვფიქრობ, ძიუდო არსებული მოცემულობით, განვითარების მაღალ საფეხურზეა, დღითიდღე კიდევ უფრო ვითარდება და იზრდება მისი მასშტაბები. უშუალოდ მე რაც შემეხება ვცდილობ, რომ განვავითარო საკუთარი თავი, დავინახო არსებული შეცდომები და თავდაუზოგავი შრომის წყალობით, სრულყოფილებამდე მივიდე. ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ჩემი ხასიათიდან და შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ერთ დღეს მწვერვალებს დავიპყრობ.

სხვა სტატიები