Belive

ვილი სანიოლი: "დიდი ხანია ვფიქრობდი, რომ ჯაბა კანკავას დაბრუნება გვჭირდებოდა"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მარტის შეკრების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც შემადგენლობა დაასახელა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ყველასთვის განსაკუთრებული მომენტია და დღეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობას წარმოგიდგენთ.

ჩემი სურვილი იყო, რომ ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებში დაბრუნებულიყო. ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ. მართალია, ჯაბას როგორც საფეხბურთო, ისე პირადი მიზეზების გამო სანაკრებო კარიერის დასრულება დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ახლა, ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, მინდოდა, რომ ნაკრებში დაბრუნებულიყო. მე ამის შესახებ ალექსანდრე იაშვილს ვესაუბრე და შემდეგ უშუალოდ ჯაბას შევხვდით. მისი სურვილია, რომ საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდეს და ამ მნიშვნელოვან პერიოდში თავის ქვეყანას დაეხმაროს.

ძალიან რთულად მივიღე ირაკლი აზაროვის არ გამოძახების გადაწყვეტილება. ზოგადად, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ჩემთვის ძალიან რთულია. პირადად მე მისი გასული თამაშით საქართველოს ნაკრებში უკმაყოფილო ვიყავი. განსაკუთრებულად, კვიპროსის, ესპანეთისა და შოტლანდიის ნაკრებთან. მიმაჩნია, რომ მან პირველ რიგში ის უნდა გაიაზროს, რომ მცველია.

როგორც პიროვნულად, ისე პროფესიონალურად, მე საბა ლობჟანიძეს ძალიან ვაფასებ. უბრალოდ, ის აშშ-ში თამაშობს და კვირა საღამოს რთული მატჩი ელოდება. ამავე დროს, მას კუნთი დაეჭიმა.

ფავორიტის სტატუსს ლუქსემბურგთან მატჩში მნიშვნელობა არ ექნება. მთავარი ის ფაქტი გახლავთ, რომ ჩვენ მასპინძლები ვართ და ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.

ფეხბურთელების შერჩევა უამრავ კრიტერიუმზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ფიზიკური მომზადება. ამ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ ვენდო გიორგი გოჩოლეიშვილს, გიორგი წიტაიშვილსა და ლევან შენგელიას.

გიორგი არაბიძე საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არის. მან ქუთაისის "ტორპედოში" წინა სეზონში გოლების გატანა და საგოლე პასების გაკეთება მოახერხა. მე მის თამაშს თვალს როგორც სტადიონზე, ისე ვიდეო-ჩანაწერით ვაკვირდებოდი. მე მესმის, რომ ამის შესახებ საქართველოში ბევრს საუბრობენ. ჩვენ მისი გასული მატჩები ვნახეთ. მე მისი ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი. ჩემთვის, ეს პრობლემა იყო. ერთი რამ ვიცი, რომ მე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, ამაში ჩემი ცოლიც კი მეთანხმება, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თქვა: "ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი ინტენსივობით თამაში შეუძლია, არის ლიონელ მესი. არც კილიან მბაპე, არც კრიშტიანუ რონალდუ და არც სხვა არავინ. გასული 10 წლის განმავლობაში, ფეხბურთი ფიზიკურად უფრო დატვირთული და ინტენსიური გახდა. მომავალში, თუ გიორგი არაბიძე თავისი თამაშის ამ ასპექტს გამოასწორებს, ნაკრებში რა თქმა უნდა, მოხვდება.

მეტოქე გუნდების შესახებ საუბრისგან ყოველთვის თავს ვიკავებ. ერთადერთი, ვიტყვი იმას, რომ ვისაც ჰგონია, რომ ლუქსემბურგი ჯუჯა ქვეყანაა და საფეხბურთო დონით ძალიან დაბლა არიან, მოვუწოდებ მეტოქეს პატივი სცეს. პრობლემები მეტოქესაც აქვს, ჩვენც და ყველასაც, მაგრამ ამას მატჩის დღეს მნიშვნელობა არ აქვს. არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეები რას ფიქრობენ ერთმანეთზე. მთავარი არის მენტალური მზადყოფნა.

ვფიქრობ, გარკვეული წნეხი ნამდვილად არსებობს, მაგრამ მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელები მენტალურად მზად არიან.

ის ფაქტი, რომ ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეეხება კაპიტნის საკითხს, ჩვენი გუნდის კაპიტანი ისევ გურამ კაშია იქნება.

მას შემდეგ, რაც გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამიდან საფრანგეთში დაბრუნდა, ძალიან კარგ ფორმაშია და ამით ძალიან გახარებულები ვართ. ბუდუ ზივზივაძეც ფორმაშია და უკვე ბევრს ვფიქრობ იმის შესახებ, რომ ორივე მათგანმა ითამაშოს. ფინალურ გადაწყვეტილებას უკვე შეკრების დროს მივიღებთ" - ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩს 21 მარტს, "დინამო არენაზე" გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში, 26 მარტს, კვლავ საშინაო კედლებში, საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები