Belive

ვილი სანიოლი: "დონეებს შორის სხვაობა შემცირებულია, მაგრამ კვიპროსთან მატჩით კმაყოფილი ვარ და ხვალაც მოსაგებად ვითამაშებთ"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კვიპროსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ტაილანდთან მატჩის შემდეგ უკვე ვთქვი, რომ ინტენსივობითა და გუნდის თამაშით კმაყოფილი ვიყავი. მომეწონა შეხვედრის დასაწყისი. ვიცით, რომ კვიპროსთან განსხვავებული შეხვედრა გველოდება, რადგან ეს უფრო მაღალი დონის, ევროპულ ნაკრებთან ოფიციალური მატჩია.

ფეხბურთელები ტაილანდთან მატჩის შემდეგ კმაყოფილები იყვნენ. ჩვენ რთული სექტემბერი გვქონდა და ახლა თავდაჯერებულობის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გურამ კაშია, რა თქმა უნდა ჩვენი ნაკრების კაპიტანია, ვიცე-კაპიტანი კი ნიკა კვეკვესკირი გახლავთ. რაც შეეხება გიორგი ლორიას, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა მეკარის კაპიტნად დანიშვნა არ მიყვარს. მოედანზე ხშირად მსაჯთან კომუნიკაციაა საჭირო, რაც მეკარისთვის უფრო რთულია. ამიტომ, ტაილანდთან მატჩში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, საბა კვირკველია გვკაპიტნობდა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ლევან შენგელიას ბუნებრივი პოზიცია მარჯვენა ფლანგის შემტევია, თუმცა, მას ორივე ფრთაზე შეუძლია თამაში და ჩვენი სათამაშო სისტემიდან გამომდინარე, ის მარცხნივ მოვსინჯე. მე კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და ფიზიკური მომზადებით. შესაძლოა, ის ირაკლი აზაროვის მნიშვნელოვანი კონკურენტი გახდეს.

ივნისში, კვიპროსში რთული მატჩი გვქონდა. მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში მარტივი შეხვედრები არ არსებობს. გუნდებს შორის დონეებს შორის სხვაობა საკმაოდ შემცირებულია. ვფიქრობ პირველი შეხვედრა კარგად დავიწყეთ და შევძელით, რომ 3 ქულა მოგვეპოვებინა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ საპასუხო მატჩში შევეცდებით, რომ უფრო ნაკლები შეცდომა დავუშვათ და გამარჯვება მოვიპოვოთ.

ლევან კუტალიას, ისევე, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელს, ვაკვირდებით და ეროვნული გუნდის კარი ყველასთვის ღიაა. ამჟამად, მისი ნაკრებში არყოფნა ნიშნავს, რომ სხვა ფეხბურთელები ჩვენს გუნდს უფრო გააძლიერებენ. ისევე, როგორც თავის დროზე, დავით ვოლკოვს, სხვა ფეხბურთელებსაც მიეცემათ შანსი. ამჟამად, სამწუხაროდ არ შემიძლია 40 ფეხბურთელი გამოვიძახო. - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩი 15 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე დაიწყება. 

სხვა სტატიები