"ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა" - გიორგი კვერნაძე მოედანს მალევე დაუბრუნდება
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი კვერნაძე ტრავმის შემდეგ მოედანს მალევე დაუბრუნდება.
იტალიური მედიის ინფორმაციით, 22 წლის ქართველის ტრავმა სერიოზული არ არის და ის სერია B-ს შემდეგ ტურში, მონცასთან პრინციპულ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
"ქართველი გარემარბი ახლო პერიოდში მიღებული ტრავმებისგან გამოჯანმრთელდა და მოედანზე მალე დაბრუნდება. როგორც ჩანს, ის შემდეგ მატჩში ითამაშებს", - წერს tuttofrosinone.
ფროზინონე იტალიის სერია A-ში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. იტალიური ფეხბურთის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ დაგროვებული 41 ქულით ფროზინონე გათამაშებას ლიდერობს და შემდეგი მატჩი 17 იანვარს მესამეადგილოსან მონცასთან უნდა გამართოს.
გიორგი კვერნაძეს ამ სეზონში ფროზინონეს შემადგენლობაში 19 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული.