ტიერი ანრი: "კვარას უფლება ჰქონდა ნაწყენი ყოფილიყო, ამის ნაცვლად მოედანზე შევიდა და განსხვავება შექმნა"
13 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლონდონის არსენალისა და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, ტიერი ანრი, CBS Sports Golazo-ს პოდკასტში საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისის შესახებ საუბრობს.
"კვარაცხელიას თამაშის ყურება და ის რაც ვიტინიას გოლამდე გააკეთა, ძალიან მიყვარს. მას შეეძლო, რომ წინ წასულიყო და თავად დაერტყა, მაგრამ თანაგუნდელს პასი გაუკეთა და ვიტინიამაც კარგად შეასრულა.
ვიცით, რომ კვარას მაღალი ხარისხი აქვს. გასულ პერიოდში მოვლენებმა მისთვის კარგად არ იმუშავა. ლონდონის ჩელსისთან მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მას სთხოვეს, რომ მოედანზე გასულიყო და საქმე გაეკეთებინა. ის არ გაბრაზებულა, ამის ნაცვლად აჩვენა რეაქცია, რომელიც გუნდს სჭირდებოდა: შევიდა მოედანზე და შექმნა განსხვავება.
როცა სათადარიგოთა სკამზე გსვამენ, შეგიძლია რომ განაწყენდე, ამის უფლება გაქვს, მაგრამ ეს წყენა მოედანზე შესვლისას თან არ უნდა გაიყოლო. არ უნდა შეხვიდე ასეთი განწყობით: "მე თავიდანვე უნდა დამეწყო". როცა კვარაცხელია მოედანზე შევიდა, თქვენ შეგეძლოთ დაგენახათ, რომ ის მართლაც განაწყენებული იყო, მაგრამ მან ეს საქმეში ასახა და დუბლით, საგოლე პასითა და გამარჯვების მოტანით დაბრუნდა. ეს ზუსტად ის დამოკიდებულებაა საქმისადმი, რომელიც საჭიროა", - ამბობს ტიერი ანრი.
ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საწყის მატჩში ლონდონის ჩელსისთან დუბლის შესრულება და ვიტინიასთვის საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, პსჟ-მ კი 5:2 იმარჯვა და საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
25 წლის ქართველ ფეხბურთელს პსჟ-ს შემადგენლობაში ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 გოლი აქვს გატანილი და 7 საგოლე პასი გაკეთებული.