სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის 87-ე კონგრესს მაროკომ უმასპინძლა
მაროკოს დედაქალაქ რაბათში მსოფლიოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის (AIPS) 87-ე კონგრესი გაიმართა. მასში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, გიგა გვენცაძე და გენერალური მდივანი, ზურაბ თალაკვაძე მონაწილეობდნენ. კონგრესს 123 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ფორუმის დღეებში მსჯელობა ბევრ საინტერესო თემაზე მიმდინარეობდა, 2026 წელს იტალიაში გასამართი ზამთრის ოლიმპიადის განრიგი, ტრანსპორტირებისა და აკრედიტაციის საკითხები. ფორუმზე AIPS-ის გეგმები განიხილეს და დაკარის მომდევნო წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 2024 წლის საუკეთესო სპორტული ჟურნალისტები.
ღონისძიების დასკვნითი დღე 2026 წლის საარჩევნო კონგრესის მასპინძელი ქალაქის შერჩევას დაეთმო. განიხილებოდა ორი კანდიდატი, ლოზანა (შვეიცარია) და სეჯონგი (სამხრეთ კორეა). ფარული კენჭისყრის შედეგად, ლოზანამ 44:36 მოიგო და შემდეგი კონგრესის მასპინძელი ქალაქი გახდა.