2025 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველომ სადებიუტო მედალი მოიპოვა
საქართველოს ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა გუნდმა, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მეორე საშეჯიბრო დღეს სადებიუტო ჯილდო მოიპოვა: ძიუდოისტი საბა ბოლქვაძე 50კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა!
სკოპიეში ორმოცდაათი გუნდი ასპარეზობს და ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება ოცდაათმა ნაკრებმა შეძლო. საბას დამსახურებით, მათ შორის არის საქართველოც.
23 ივლისს სკოპიეში კიდევ უფრო მეტ ქართველს ვიხილავთ. მაგიდის ჩოგბურთელების გარდა, რომლებიც ჯგუფურ ეტაპს დაასრულებენ, ოლიმპიურ არენაზე ტყვიის მსროლელები სანდრო ხოსიტაშვილი და ლიზი აღნიაშვილი (პნევმატური პისტოლეტი), ტაეკვონდოისტები ვიოლა ცეცხლაძე (44კგ), ხატია გაროზაშვილი (49კგ) და მათე კვანტიძე (48კგ), ტანმოვარჯიშეები მარია ჟვანია, მარიამ პატარიძე და ლიზი გვალია (ყველა მრავალჭიდი), მოცურავეები ანასტასია მიქელაშვილი და სალი შჩერბაევა (თავისუფალი სტილი, 200 მეტრი) და ძიუდოისტები მარიამ წურწუმია (48კგ), ვახტანგ ჭიაბერაშვილი (60კგ) და გიორგი ბაბუციძე (66კგ) წარსდგებიან.
სტატია მომზადებულია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წყაროზე დაყრდნობით
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი