სელტიკის გამოჩენა: რატომ გამოაცხადა ლევანტემ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი მარტში?
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ახალი სეზონიდან ახალ გუნდში ითამაშებს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგი გამორჩეული ტრანსფერი ოფიციალური რამდენიმე დღის წინ გახდა, როცა "ლევანტემ" გამოაცხადა, რომ 25 წლის ფეხბურთელი პორტუგალიურ გრანდში, ლისაბონის "სპორტინგში" გადაბარგდება.
საფეხბურთო სტანდარტების შესაბამისად, ჩვეულებისამებრ, მაშინ, როცა სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, გუნდები ფეხბურთელების ტრანსფერების, მათი დამატების ან სხვა გუნდში გადასვლის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ, თუ რა თქმა უნდა საქმე თავისუფალ აგენტებს არ ეხებათ. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი გამონაკლისი შემთხვევა გახლავთ და ამას თავისი მიზეზი აქვს.
შოტლანდიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, თუ რატომ გადაწყვიტა "ლევანტემ" გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერის მარტის მიწურულს გასაჯაროვება. glasgowtimes წერს, რომ ამის მიზეზი გლაზგოს "სელტიკი" და მათ მიერ "ლევანტესთვის" გაგზავნილი შეთავაზებაა. უფრო კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით, ესპანურმა და პორტუგალიურმა გუნდმა შეთანხმებას ზამთრის ფანჯრის დროს მიაღწიეს, თუმცა გასაჯაროვება ზაფხულში იგეგმებოდა. შეთანხმებაში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ "ლევანტე", რომელიმე გუნდისგან გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზებას მიიღებს, მაშინ ტრანსფერი საჯარო უნდა გახდეს. რამდენიმე დღის წინ, გლაზგოს "სელტიკმა" "ლევანტეს" გიორგი ქოჩორაშვილის დამატებისთვის ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა, რის შემდეგაც ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელმა გუნდმა ქართველის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
გიორგი ქოჩორაშვილის დამატება პორტუგალიის 20-გზის ჩემპიონს 5 მილიონი ევრო დაუჯდა, კონტრაქტში, გათვალისწინებულია შემდეგი ტრანსფერისთვის გამოსასყიდი თანხა, 12.5 მილიონი ევროს ოდენობით.
გიორგი ქოჩორაშვილის საფეხბურთო კარიერა "დინამო თბილისის" აკადემიაში იწყება, რასაც "იბერია 1999-ს", იმ დროს "საბურთალოს" აკადემიაში გადასვლა მოჰყვა. 2017 წელს, გიორგი ქოჩორაშვილმა იჯარით "ჟირონასა" და "პერალადას" ახალგაზრდულ გუნდებში ითამაშა. 2019 წელს, გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტემ" დაიმატა, ჯერ სარეზერვო და ახალგაზრდულ გუნდებში ათამაშა, მერე დებიუტი ლა ლიგაში ჰქონდა, ხოლო შემდეგ იჯარით თანაქალაურ "კასტელონში" ითამაშა. რაც შეეხება "ლევანტეს" მთავარ გუნდს, ის ამ სეზონში გუნდის მთავარი ლიდერი გახდა და ლა ლიგაში დაბრუნებისკენ მიმავალ გზაზე ეხმარება. "ლევანტეს" მაისურით ყველა ტურნირზე მის აქტივში 57 მატჩში გატანილი 9 გოლი და 4 საგოლე პასია, საქართველოს ნაკრებში კი 19 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე პასი.