საქართველო - ლუქსემბურგის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს დაიწყება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.
თბილისში, დინამო არენაზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ნახევარფინალურ შეხვედრაში ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
ლუქსემბურგის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეტოქე ფინალურ ეტაპზე საბერძნეთი/ყაზახეთს შორის გამარჯვებული იქნება, მატჩი 26 მარტს თბილისში გაიმართება და სწორედ აქ გაირკვევა თუ ვინ ითამაშებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე.
ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები ჩვენს ნაკრებს დიდი დანაკლისით ხვდება, შეხვედრას ბარათის გამო, მათი ერთ-ერთი ლიდერი დანელ სინანი გამოტოვებს, მან ლიხტენშტეინის წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ასევე ლუქსემბურგის ნაკრებს ვერ დაეხმარება დანი მოტა, რომელმაც ნაკრებში თამაშზე რამდენიმე დღის წინ უარი განაცხადა. ასევე, შეხვედრას გამოტოვებს ლუქსემბურგის ნაკრებისა და აზერბაიჯანული "საბაჰის" ფორვარდი ვინსენტ ტილი, მან "ყარაბაღის" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია, რის შემდეგაც ოპერაცია გაიკეთა.