Belive

რამაზ სვანაძე: "იგრძნობა ის გარემო და განწყობა, რაც აუცილებელია თამაშის მოსაგებად"

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე პრესკონფერენციას მართავს.

„განწყობა ნორმალურია, არ ვართ იდელაურ სიტუაციაში, ეს ფაქტია, თუმც ამავე დროს ეს არის ისეთი მომენტი, რომელიც ადამიანის, გუნდის თუ ნაკრების ცხოვრებაში დგება. ამ ყველაფერს სამწვრთნელო შტაბის ცვლილება დაემატა, ერთმანეთთან შეგუების მომენტი. იდეალური სიტუაცია არაა, მაგრამ იგრძნობა ის გარემო და ჟინი, რაც აუცილებელია მოსაგებად. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი სახეები გახარებული იყოს“ - რამაზ სვანაძე
„მეოთხე თამაშია და დაღლილობა იგრძნობა, თუმცა მხოლოდ ჩვენ არ ვართ ამ სიტუაციაში. სასტარტო შემადგენლობა რომ შეფასდეს, 1 დღე კიდევ გვაქვს. სასტარტო შემადგენლობა თამაშის დაწყების წინ გახდება ცნობილი“ - რამაზ სვანაძე
მესმის, რომ სამი თამაშია გოლი არ გაგვიტანია, თქვენ თუ იცით რომელიმე გუნდი ან ნაკრები რომელსაც რთული პერიოდი არ აქვს რომელიმე ეტაპზე? ეს განწყობები, სამწუხაროდ, იგრძნობა. ეს განწყობები ფეხბურთელებისთვის შეიძლება დამთრგუნველი იყოს. ამ ფეხბურთელების უმრავლესობამ ამ ქვეყანას მოუტანეს ისეთი რამ, რაც ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰქონია. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც წარსულით ცხოვრობს, მაგრამ ისევ ის ბიჭები არიან რომლებმაც ეს წარმატება მოგვიტანეს და ერთად ამოვალთ ამ პრობლემიდან. ვუყურებ ყოველდღიურ შრომას, რა შრომასაც გავდივართ, არ არსებობს ამ შრომამ შედეგი არ მოიტანოს. არის სიახლეები და გარკვეული დრო გვჭირდება - ეს არ ნიშნავს რომ მოსაგებად არ უნდა გავიდეს, მაგრამ თუ სათამაშო ფილოსოფიაზე ვსაუბრობთ, დრო საჭიროა - რამაზ სვანაძე
„ვნახეთ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თამაში, ვეთამაშეთ ჩვენც, ძალიან ორგანიზებული და ძალიან მაღალ დონეზე დისციპლინირებული გუნდია. ამით ეს გუნდი ძალიან გამოირჩევა. ყველა გუნდს, როგორც ჩრდილოეთ ირლანდიას, აქვს მინუსები და ვეცდებით გამოვიყენოთ. მჯერა, რომ ჩვენს თავს თუ ძალიან კარგად წარმოავაჩენთ, მეტი შანსი გვექნება სახლში გახარებულები დავბრუნდეთ“ - რამაზ სვანაძე
„კიდევ 9 ქულა თამაშდება. თამაშში ბოლომდე უნდა დავრჩეთ. გუნდების სიძლიერიდან გამომდინარე, ჯგუფი თანაბარია. თუ უკრაინა-ჩრდ. ირლანდიის თამაშს არ ჩავთვლით, 1 ბურთი წყვეტდა ყველაფერს.
კრიტიკა კარგია, ჟურნალისტებისა და ჩვენი ურთიერთქმედება აუცილებელია, მაგრამ კარგი იქნებოდა ეს კრიტიკა უფრო ღრმა იყოს. ეს კრიტიკა ჩვენც ბევრს გვაფიქრებს.
ვიცით ჩრდილოეთ ირლანდია როგორ თამაშობს, მაგრამ მათგან სიურპრიზებისთვის მზად ვართ“ - რამაზ სვანაძე

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 5 ოქტომბერს, უინძორ პარკზე შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები